გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს - 23-24 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, სეტყვა, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმი
გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს.
სინოპტიკოსების პროგნოზით, 23 აგვისტოს გვიან საღამოდან 24 აგვისტოს დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ქვეყნის დასავლეთ ნაწილსა და მცხეთა-მთიანეთის, კახეთის რეგიონებში – ზოგან ძლიერი. შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4-ბალიანი შტორმული ღელვა.
„მოსალოდნელმა ნალექმა საქართველოს მდინარეებზე, შესაძლებელია, წყლის დონის მომატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.