გარემოს ეროვნული სააგენტო - გუდაური-კობის მონაკვეთზე გაწმენდითი სამუშაოების განხორციელება უკვე შესაძლებელია
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების ჯგუფი გუდაური-კობის მონაკვეთზე იმყოფება და ადგილზე ზვავსაშიშროების მონიტორინგს ახორციელებს. სპეციალისტების რეკომენდაციით, გუდაური-კობის მონაკვეთზე გაწმენდითი სამუშაოების განხორციელება შესაძლებელია, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
სინოპტიკოსების ინფორმაციით, 18 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით ზოგან წვიმა, მთაში თოვლი, დღისით უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +3, +8°, დღისით +10, +15°; მთაში ღამით -5, 0°, დღისით +5, +10°; მაღალ მთაში ღამით -10, -5°, დღისით 0, +5°.
აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით ზოგან შესაძლებელია ნალექი, მთაში თოვლის სახით, დღისით უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ღამით დროგამოშვებით ძლიერი 17- 22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +1, +6°, ზოგან -3°-მდე, დღისით +9, +14°; მთაში ღამით -6, -1°, დღისით +5, +10°; მაღალმთაში ღამით -10, -5°, დღისით +1, +6°, ზოგან -3°-მდე.
თბილისში ასევე მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, ღამით დროგამოშვებით ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა ღამით +3°, დღისით +11°.
საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე, ზვავსაშიშროების გამო, ამ დრომდე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.