გზების დეპარტამენტი მოქალაქეებს მოუწოდებს, ზვავსაშიშროების გამო, კობი-გუდაურის მიმართულებით მგზავრობისგან თავი შეიკავონ
გზების დეპარტამენტი მოქალაქეებს მოუწოდებს, ზვავსაშიშროების გამო, კობი-გუდაურის მიმართულებით მგზავრობისგან თავი შეიკავონ

გუდაური-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების გამო, გზის წმენდა ვერ ხერხდება, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გარემოს ეროვნული სააგენტოსგან მიღებული ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროებაა. ამის გამო, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

დეპარტამენტის ცნობით, ზვავსაშიშროების დროს, ავტოტრანსპორტის მოძრაობასთან ერთად, აკრძალულია მძიმე ტექნიკით გზის წმენდაც.

„საავტომობილო გზების დეპარტამენტი და მისი კონტრაქტორი ორგანიზაცია 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ დიდთოვლობის დროს, როგორც კი ზვავსაშიშროება მოიხსნება და გზის წმენდის ნებართვას გასცემს გარემოს ეროვნული სააგენტო, საავტომობილო გზების დეპარტამენტი მყისიერად დაიწყებს გზის გაწმენდით სამუშაოებს და საავტომობილო მოძრაობა უმოკლეს ვადებში აღდგება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მგზავრებს, დაემორჩილონ მათი უსაფრთხოებისთვის, საავტომობილო გზებზე დაწესებულ შეზღუდვებს და ზვავსაშიშროების დროს თავი შეიკავონ აღნიშნული მიმართულებით მგზავრობისგან“, – აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.