გარემოს დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, „სოფლის მეურნეობის სექტორისთვის კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის ეროვნული გეგმა” განიხილეს
თბილისში, სასტუმროში “Rooms Hotel Tbilisi”-ში „სოფლის მეურნეობის სექტორისთვის კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის ეროვნული გეგმა” განიხილეს. შეხვედრის მონაწილეებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ ეკატერინე გრიგალავამ მიმართა.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ეროვნული გეგმა აგრარული სექტორის საშუალო და გრძელვადიანი საჭიროებების დაკმაყოფილებას ემსახურება. ადაპტაციის ეროვნულ გეგმაში გათვალისწინებულია მრავალმხრივი მიდგომები კლიმატის ცვლილებებთან ადაპტაციისთვის და ქმნის სახელმძღვანელო პრინციპებს სამთავრობო უწყებებისთვის, რომლებიც დაინტერესებული არიან, დახმარება გაუწიონ ქვეყანას ადაპტაციის ღონისძიებების განხორციელებაში.
დოკუმენტი გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) მიერ დაფინანსებული პროექტის „სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციის, ბაზრებზე წვდომისა და მოქნილობის“ (AMMAR) ფარგლებში შემუშავდა.
შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ჩხეიძე, IFAD-ის პროგრამის ხელმძღვანელი საქართველოში დინა სალეჰი, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სფეროს ექსპერტები ესწრებოდნენ.