გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, საგარეჯოში „საქმიანი ეზო“ მოეწყო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, საგარეჯოში „საქმიანი ეზო“ მოეწყო

ეროვნული სატყეო სააგენტო ხე-ტყის დამზადების პრაქტიკას ცვლის. სოციალური ჭრები ეტაპობრივად გაუქმდება, სააგენტო ორგანიზებულად განახორციელებს ხე-ტყის დამზადებას, დახარისხებასა და დასაწყობებას ე.წ. საქმიან ეზოებში, – ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

ახალი კოდექსით გათვალისწინებული ტყის მართვის, მათ შორის, „საქმიანი ეზოების“ მნიშვნელობაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ იური ნოზაძემ საგარეჯოში, მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა. ღონისძიებას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, სამინისტროს ინიციატივით, საქართველოს ყველა რეგიონში „საქმიანი ეზო“ მოეწყობა. უწყებაში აცხადებენ, რომ აღნიშნული ცვლილება გაუადვილებს მოსახლეობას და კერძო სექტორს ხე-ტყის შეძენას და ტრანსპორტირებას მათთვის სასურველ პერიოდში.

„აღსანიშნავია, რომ ტყის ახალი კოდექსი, რომელიც საქართველოს პარლამენტმა უკვე დაამტკიცა, სატყეო სექტორის რეფორმის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს, რომლის მთავარი მიზანია მრავალმიზნობრივი ტყითსარგებლობის დამკვიდრება, ტყის ეკოსისტემების შენარჩუნება და დაცვა, სოციალური და ეკონომიკური სარგებლის გონივრული გამოყენება. ე.წ. საქმიანი ეზოს მოწყობა, კოდექსით გათვალისწინებულ სხვა სიახლეებთან ერთად, წარმოადგენს ტყის მდგრადი მართვის დანერგვის ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტს“, – განაცხადა იური ნოზაძემ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, „საქმიანი ეზოს“ მოწყობისთვის სამუშაოები საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში მიმდინარეობს. წლის ბოლომდე ქვეყნის მასშტაბით სულ 26 „საქმიანი ეზო“ მოეწყობა. სამინისტროში აღნიშნავენ, რომ შედეგად, მერქნული რესურსის დამზადების მიზნით, ტყითსარგებლობა განხორციელდება გაცილებით ეფექტიანად, შემცირდება ტყეზე უარყოფითი გავლენა, შემცირდება უკანონო ჭრები.