თბილისში მცხოვრები მოქალაქეები, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის მიზნით, 29 აპრილიდან ქალაქიდან გასვლას 06:00-08:00 საათამდე, ხოლო დაბრუნებას 18:00-19:00 საათამდე საშვით შეძლებენ
29 აპრილიდან, ქალაქ თბილისში მცხოვრები მოქალაქეები, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის მიზნით, ქალაქიდან გასვლას დილის 06:00-08:00 საათამდე, ხოლო ქალაქში დაბრუნებას საღამოს 18:00-19:00 საათამდე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გაცემული საშვით შეძლებენ, – ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს ცნობით, ნებართვის მისაღები ფორმა განთავსდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებგვერდზე – www.mepa.gov.ge.
უწყების სინფორმაციაში აღნიშნულია, რომ მოქალაქემ აღნიშნული ფორმა/განაცხადი უნდა შეავსოს ქალაქიდან გასვლამდე 12 საათით ადრე.
„შემოსული განაცხადის საფუძველზე სამინისტრო გასცემს საშვს ელექტრონული და/ან მატერიალური ფორმით (საჭიროების მიხედვით, ერთჯერადს ან მრავალჯერადს). უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, განმცხადებელი პასუხს მიიღებს ელექტრონულად.
სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის მიზნით, ბათუმიდან, რუსთავიდან და ქუთაისიდან გასვლა-შესვლის საშვის მისაღებად, მოქალაქეებმა უნდა მიმართონ რეგიონულ შტაბებს. დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით 144-ის ცხელ ხაზს (რეგიონის მიხედვით ცხელ ხაზთან დასაკავშირებლად აკრიფეთ ციფრი 2)“,- ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციაში.