გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა უწყების 2018 წლის მუშაობა შეაჯამა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 2018 წლის მუშაობის შედეგები შეაჯამა. წლიური ანგარიშის დღეს მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა წარადგინა და უწყების მიღწევებსა და გამოწვევებზე ისაუბრა.
მისი თქმით, სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი იყო კანონმდებლობის დახვეწა, შესაბამისად, ახალი რეგულაციები შემუშავდა წყალთან, ნიადაგთან და ჰაერთან დაკავშირებით.
„აღსრულების საკითხებში გვაქვს შედეგები. გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ჰაერის წყლისა და ნიადაგის შემოწმება გაააქტიურა. ჰაერის შემოწმებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. პირველად შევიძინეთ მობილური სადგური. ამის შემდეგ მყისიერი ინფორმაცია გვაქვს ჰაერის დაბინძურების შესახებ“, – განაცხადა დავითაშვილმა.
მინისტრების თქმით, მომავალ წელს ახალი დაცული ტერიტორიების შექმნაა დაგეგმილი. ამასთან, შეიქმნება ეროვნული პარკების ვებპლატფორმა, ვიზიტორთა ცენტრები.
მინისტრის ვარაუდით, ყოველივე ამის შედეგად ვიზიტორთა რაოდენობაც გაიზრდება.
„12018 წელს მთავრობის პრიორიტეტი იყო ტყეების მოვლა, დაცვა. ამ მხრივ მნიშვნელოვანი სამუშაოები გატარდა. სატყეო სააგენტომ შეიმუშავა ახალი ტყის კოდექსი, რომელსაც 2019 წელს მივიღებთ. 2019 წლიდან სპეციალიზებული ტყის პატრული იარსებებს. ტყის აღდგენითი ღონისძიებები მიმდინარეობდა მთელი წლის მანძილზე, ბორჯომში ხანძრის შემდეგ გადამწვარი 900 ჰექტარზე მეტი ეტაპობრივად აღდგება. წელს ბორჯომში 148 ჰექტარი აღდგა“, – აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა.
მისივე თქმით, პრიორიტეტად გამოცხადდა ასევე მწვანე ეკონომიკა და სოფლის განვითარება.
„სოფლად ცხოვრების დონე უნდა გაუთანაბრდეს ქალაქში ცხოვრების დონეს. ახალგაზრდა ფერმერების მიერ 100-ზე მეტი მცირე და საშუალო საწარმო შეიქმნა“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ამასთან, მისი თქმით, 2018 წელს საქართველოდან ღვინის ექსპორტი გაიზარდა.
„მომავალ წელს ბაზარი ამერიკაში, იაპონიასა და პოლონეთში გაფართოვდება. 2018 წელს ექსპორტირებულია 78 მლნ ბოთლი ღვინო. გასულ წელთან შედარებით ზრდა 11 პროცენტია. ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 184.1 მლნ აშშ დოლარს შეადგენს“, – განმარტა მინისტრმა.
ამასთან, მისი შეფასებით, გამოწვევად რჩება აზიური ფაროსანა და სხვა მავნებლები. მინისტრის თქმით, უწყებამ გამოწვევა ნაწილობრივ დაძლია და პრობლემა კონტროლში მოექცა.
„შემცირდა მავნებლის გავრცელება დასავლეთ საქართველოში. აღმოსავლეთ საქართველოში კი, მავნებელი საერთოდ არ გავრცელებულა. 780 ათასი ჰექტარი ფართობი დამუშავდა, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე განთავსდა 50 ათასამდე „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგური“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.