„გარდიანის“ ცნობით, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრსა და ევროკომისიის პრეზიდენტს შორის სექტემბრის დასაწყისში დაგეგმილი შეხვედრა გადაიდო
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრსა და ევროკომისიის პრეზიდენტს შორის სექტემბრის დასაწყისში დაგეგმილი შეხვედრა გადაიდო. ამის შესახებ „გარდიანი“ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
წყაროები აცხადებენ, რომ კირ სტარმერსა და ურსულა ფონ დერ ლაიენს შორის შეხვედრა, შესაძლოა, ოქტომბრის ბოლომდე არ შედგეს.
როგორც „გარდიანი“ წერს, ევროკავშირის ზოგიერთ წრეში არსებობს მოსაზრება, რომ ამის მიზეზი, შესაძლოა, იყო ის, რომ ბრიტანეთის მთავრობა არ არის უფრო პოზიტიური ლონდონსა და ბრიუსელს შორის ახალგაზრდებისა და სტუდენტების გაცვლითი პროგრამების აღდგენის მიმართ. ამ ფაქტის გამო ევროკავშირში ფიქრობენ, რომ სტარმერი ფრთხილობს, რათა ბრიტანელებს არ შეექმნათ შთაბეჭდილება, თითქოს ახლად არჩეული პრემიერი „ბრექსიტის“ შეცვლას ცდილობს. თუმცა ანონიმური წყაროები ამბობენ იმასაც, რომ ურსულა ფონ დერ ლაიაენი არ არის შეშფოთებული შეხვედრის გადადებით, რადგან ახლა მთლიანადაა ორიენტირებული ევროკომიის შემადგენლობის ფორმირებაზე.
მანამდე კირ სტარმერსა და ურსულა ფონ დერ ლაიენს შორის შეხვედრა 25 ივლისს იყო დაგეგმილი, თუმცა დატვირთული გრაფიკის გამო ეს შეხვედრა გადაიდო.