„გარდიანის“ ცნობით, ბრაზილიის პრეზიდენტმა ინფორმაცია დაამახინჯა და თქვა, რომ უსიმპტომო პაციენტებისგან კორონავირუსი საერთოდ არ ვრცელდება
„გარდიანის“ ცნობით, ბრაზილიის პრეზიდენტმა ინფორმაცია დაამახინჯა და თქვა, რომ უსიმპტომო პაციენტებისგან კორონავირუსი საერთოდ არ ვრცელდება

გამოცემა „გარდიანის“ ლათინური ამერიკის კორესპონდენტი, ტომ ფილიპსი აცხადებს, რომ ბრაზილიის პრეზიდენტმა, ჟაირ ბოლსონარუმ უსიმპტომო პაციენტებთან დაკავშირებით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გავრცელებული განცხადება დაამახინჯა და თქვა, რომ უსიმპტომო პაციენტებისგან კორონავირუსი საერთოდ არ ვრცელდება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახლახან განაცხადა, რომ ასიმპტომური შემთხვევებისას ვირუსის გავრცელების შანსები შედარებით დაბალია. ბოლსონარუმ საკუთარი მიმართვისას კი განაცხადა, რომ ასიმპტომური შემთხვევებისგან ვირუსი საერთოდ არ ვრცელდება და იმედი გამოთქვა, რომ პანდემიის გავრცელების გამო დაწყებული პანიკა ამ განცხადების მერე მაინც გაქრება – წერს „გარდიანი“.

მინისტრთა კაბინეტის სხდომისას ბრაზილიის პრეზიდენტმა მოსახლეობის ის ნაწილი გააკრიტიკა, რომელიც მისი აზრით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ბრმად ენდო. ბოლსონარუ აცხადებს, რომ დროა, სამხრეთ ამერიკის ყველაზე დიდი ეკონომიკის მქონე ბრაზილია ისევ ამუშავდეს.

„ის, რაც ყველაზე მეტად გვინდა, ნორმალური ცხოვრების რიტმის აღდგენა და ქვეყნის აყვავებაა. აუცილებელია, რომ სახლში დარჩენისა და იზოლაციის პოლიტიკა შეწყდეს, რათა ამ შეზღუდვებით მიღებული შედეგი პანდემიაზე უარესი არ აღმოჩნდეს“, – განაცხადა ბოლსონარუმ.

ბრაზილია „კოვიდ-19“-ის გავრცელების მაჩვენებლით მსოფლიოში მეორე ადგილზეა. ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 707 412 შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაიცვალა 37 134 ადამიანი.