„გარდიანი“ - დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი არეულობებთან საბრძოლველად ახალი ინიციატივით გამოვიდა
„გარდიანი“ - დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი არეულობებთან საბრძოლველად ახალი ინიციატივით გამოვიდა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი მასობრივ არეულობებთან საბრძოლველად „ეროვნული შესაძლებლობების“ შექმნის ინიციატივით გამოვიდა.

ამის შესახებ სტარმერმა საუთპორტში მომხდარი თავდასხმის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა, წერს „გარდიანი“.

როგორც ცნობილია, საუთპორტში საბავშვო საცეკვაო წრის მიერ მოწყობილ ღონისძიებაზე ბავშვებს დანით თავს დაესხნენ, რის შედეგადაც სამი ბავშვი დაიღუპა, რვა დაშავდა, მათგან ხუთის მდგომარეობა კრიტიკულია.

ამ ინციდენტს ბრიტანეთში მასობრივი ძალადობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა. აქციების მიზეზი სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაცია გახდა, რომლის თანახმადაც, ბოროტმოქმედი მოზარდი მუსლიმი მიგრანტია. მოგვიანებით სასამართლომ არასრუწლოვანი თავდამსხმელის ვინაობა გაასაჯაროვა, ის 17 წლის კარდიფში დაბადებული აქსელ მუგანვა რუდაკუბანა აღმოჩნდა.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საუთპორტში მომხდარი თავდასხმის შემდეგ გამართული აქციები „ულტრამემარჯვენე სიძულვილმა“ გამოიწვია.

არეულობებზე საპასუხოდ კირ სტარმერი გამოდის ინიციატივით, რომელიც სადაზვერვო და პოლიციური ძალების ძალისხმევის გაერთიანებას მოიცავს.

მისი თქმით, ინიციატივა მიზნად ისახავს ყველა იდეოლოგიური სპექტრის აგიტატორის გამოვლენას და საზოგადოებაში დაძაბულობის ინდიკატორების შესახებ ინფორმაციის გაცვლის გაუმჯობესებას.

სტარმერის თქმით, არეულობების დროს პოლიცია უფრო მობილური უნდა იყოს და ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში გადაადგილება სწრაფად შეძლოს.