80 წლის ასაკში, ავადმყოფობის შედეგად, ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი კალისტრატე გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაის-გაენათის ეპარქია „ფეისბუქზე“ ავრცელებს. მათივე ცნობით, მიტროპოლიტი დილის 05:00 საათზე გარდაიცვალა. მიტროპოლიტის ცხედარი ბაგრატის ტაძარშია დასვენებული.
ქუთაის-გაენათის ეპარქიის მღვდელმთავარი ქუთაისის ონკოლოგიის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში რამდენიმე დღის წინ მოათავსეს და ბოლო დღეებში უგონო მდგომარეობაში ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო შეერთებული.
მეუფე კალისტრატეს მიმდინარე წლის 22 მაისს ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია.
მიტროპოლიტი კალისტრატე, ერისკაცობაში შოთა ილიას ძე მარგალიტაშვილი, დაიბადა 1938 წლის 20 ოქტომბერს, თელავის რაიონ სოფელ ვარდისუბანში, 1956 წელს დაამთავრა საშუალო სკოლა, იმავე წელს გაიწვიეს საბჭოთა არმიის რიგებში, დემობილიზაციის შემდეგ მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე, ძირითადად სამშენებლო უბნებზე. 1967 წელს დაამთავრა ქ. ვორონეჟის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტო-საინჟინრო ფაკულტეტი, 1975 წელს ჩაირიცხა თელავის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა️ 1980 წელს.
1983 წლიდან ბეთანიის მონასტრის მორჩილი იყო, იმავე წელს აღიკვეცა ბერად, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულზე, 7 აპრილს აკურთხეს დიაკვნად. 1983 წლიდან დაინიშნა საქართველოს საპატრიარქოს მშენებლობა-მომარაგების მთავარი სამმართველოს უფროსად. 2 აგვისტოს აკურთხეს მღვდელმონაზვნად, შემდეგ აიყვანეს იღუმენის ხარისხში. 1983 წლის აპრილიდან თელავის ჯვართამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი იყო. 1983 წლის 25 სექტემბერს უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით აღყვანილ იქნა არქიმანდრიტის ხარისხში. 1983 წლის 25 დეკემბერს აკურთხეს ეპისკოპოსად და წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, დაინიშნა ქუთაის-გაენათის ეპარქიის მმართველად.