მიტროპოლიტი სტეფანე - ყველას, ვისაც ჭყონდიდის ეპარქიის ეზოში უაზრო ქმედებებში მოუწია მონაწილეობა, მოვუწოდებ, შენდობა ითხოვონ
მიტროპოლიტი სტეფანე - ყველას, ვისაც ჭყონდიდის ეპარქიის ეზოში უაზრო ქმედებებში მოუწია მონაწილეობა, მოვუწოდებ, შენდობა ითხოვონ

მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიაში 8 მარტს განვითარებული მოვლენების შემდეგ პირველი საკვირაო წირვა ჩატარდა. წირვა ეპარქიის მიტროპოლიტმა სტეფანე კალაიჯიშვილმა აღავლინა. წირვის პარალელურად ეპარქიის ეზოში უსაფრთხოების მიზნით მობილიზებულნი იყვნენ სამართალდამცავები, ასევე საკათედრო ტაძრის ეზოში იმყოფებოდა, როგორც ადგილობრივი, ასევე საქართველოს სხვადასხვა ეპარქიიდან ჩამოსული მრევლი.

საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ მიტროპოლიტმა სტეფანემ მრევლს ქადაგებით მიმართა, სადაც კიდევ ერთხელ ისაუბრა 8 მარტს ეპარქიაში განვითარებულ მოვლენებზე და მასში მონაწილე სასულიერო პირებს, მედიას და მრევლს სინანულისკენ მოუწოდა. ქადაგების დასრულების შემდეგ ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვაზე, თუ რა გეგმები აქვს ეპარქიაში, უპასუხა, რომ ის მარხვის პერიოდს მდუმარებაში გაატარებს, ხოლო გეგმებთან დაკავშირებით ბრწყინვალე შვიდეულის შემდგომ გეგმავს პრესკონფერენციას, სადაც ყველა კითხვას გასცემს ამომწურავ პასუხს.

„ყველას, ვისაც განსაკუთრებით უაზრო ქმედებებში მოუწია მონაწილეობა, მათ შორის სასულიერო პირებს, მოვუწოდებ, შენდობა ითხოვონ საჯაროდ, ყველას წინაშე, იმიტომ რომ ეს მათ ძალიან დიდ ძალას მისცემს უფლისკენ მობრუნებისა, ეკლესიისგან შეწყნარებისა. მრევლი, ადამიანები და მათ შორის ჟურნალისტები, რომლებიც ამაში მონაწილეობდნენ, შენდობა ითხოვონ, ოღონდ თავიანთ მოძღვრებთან, ვინც არის მორწმუნე და ვინც არ არის მორწმუნე ახლა თვითონ თავის თავს მიხედავს. უფალი როგორ დახვდება, ეგ თვითონ იკითხოს, მაგრამ ვისაც აქვს სინდისი ქრისტიანული, მივა მოძღვართან და შენდობას ითხოვს. ჩვენ არ ვითხოვთ, რომ ერის ხალხი საჯაროდ იხდიდეს ბოდიშს. ერის ხალხმა თავის მოძღვრებთან უნდა ითხოვოს შენდობა და ყველას მიეცემა შენდობა“, – განაცხადა მიტროპოლიტმა სტეფანემ.

8 მარტს ჭყონდიდის ეპარქიაში ეპარქიის წარმომადგენლებისა და სასულიერო პირების ნაწილს შორის დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირების შედეგად ჩამოინგრა საეპისკოპოსო რეზიდენციის აივნის მოაჯირი, რა დროსაც დაშავდა 8 ადამიანი, მათ შორია მედიის ექვსი წარმომადგენელი. მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას სსსკ-ის 124-ე მუხლით აწარმოებს, რაც ჯანმრთელობის გაუფრთხილებლობით დაზიანებას გულისხმობს.

დატოვე კომენტარი