გარდაიცვალა მსახიობი ლამზირა ჩხეიძე
გარდაიცვალა მსახიობი ლამზირა ჩხეიძე

93 წლის ასაკში მსახიობი ლამზირა ჩხეიძე გარდაიცვალა. ინფორმაციას მსახიობის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საქართველოს თეატრალური საზოგადოება ავრცელებს.

ლამზირა ჩხეიძე 1952 წლიდან იყო შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მსახიობი. 1953-1956 წლებში პარალელურად მოღვაწეობდა თბილისის პიონერთა და მოსწავლეთა სასახლეში პედაგოგად.

მის მიერ განსახიერებული როლებიდან აღსანიშნავია: რუსუდანი (ი. ვაკელის „რვალი“), სუზონი (ბომარშეს „ფიგაროს ქორწინება“), ლიდა (გ. ქელბაქიანის „ახალგაზრდა მასწავლებელი“), ფენია (კ. მალიარევსკის „ქარიშხლის წინ“), ქეთო (ვ. როზოვის „ხალისიანი მეგობრები“), ივლიტე ბოსტოღანაშვილი (კ. ბუაჩიძის „ამბავი სიყვარულისა“), ოფელია (შექსპირის „ჰამლეტი“), ცოლი (ბ. ბრეხტის „კავკასიური ცარცის წრე”) და სხვ.

შექმნილი აქვს რამდენიმე საინტერესო სახე ქართულ კინოსა და სატელევიზიო ფილმებში, აგრეთვე ლიტერატურულ-დრამატულ რადიო გადაცემებში. ლამზირა ჩხეიძე იყო საზოგადო მოღვაწისა და მწერლის, დავით ჩხეიძე-თურდოსპირელის შვილი.