გარდაიცვალა ლეგენდარული ასტროფიზიკოსი იუჯინ პარკერი, რომლის სახელსაც მზესთან გაგზავნილი ხომალდი ატარებს — #1tvმეცნიერება
NASA-ს ცნობით, 94 წლის ასაკში გარდაიცვალა მოწინავე ამერიკელი ასტროფიზიკოსი იუჯინ პარკერი. თავის დროზე, მის მათემატიკურ პროგნოზს, რომ მზის ქარით ვარსკვლავიდან დამუხტულ ნაწილაკთა ნაკადი მოდიოდა, თავდაპირველად არავინ ენდო, მაგრამ შემდეგ გაამართლეს.
პარკერმა, როგორც შორსმჭვრეტელმა მეცნიერმა, თავის კვლევებით მზის ფიზიკის (ჰელიოფიზიკა) საფუძველი შექმნა; მეცნიერების ეს დარგი სწავლობს მზეს და მის ურთიერთქმედებას დედამიწასთან და დანარჩენ მზის სისტემასთან.
2018 წელს პარკერი პირველი ადამიანი გახდა, რომელიც მოესწრო საკუთარი სახელობის კოსმოსური ხომალდის გაშვებას, NASA-ს მზის ზონდს, რომელსაც მის პატივსაცემად „პარკერი“ უწოდეს.
„დამწუხრებული ვართ, რომ გარდაიცვალა ერთ-ერთი უდიდესი სამეცნიერო გონება და ჩვენი დროის ლიდერი“, — წერს NASA-ს ხელმძღვანელი ბილ ნელსონი.
როგორც პარკერის დიდი ხნის აკადემიური კერა – ჩიკაგოს უნივერსიტეტი, იუწყება, პარკერი 15 მარტს გარდაიცვალა.
„იუჯინ პარკერი ჩვენი დარგის ლეგენდარული ფიგურა გახლდათ — მისი ხედვები მზისა და მზის სისტემის მიმართ, მისსავე დროს უსწრებდა“, — ამბობს ჩიკაგოს უნივერსიტეტის ფიზიკის მეცნიერებათა განყოფილების დეკანი ანჯელა ოლინტო.
იუჯინ პარკერი 1927 წლის 10 ივნისს, მიჩიგანის შტატში დაიბადა. ბაკალავრის ხარისხი მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო, დოქტორის კი კალიფორნიის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში. შემდეგ იუტას უნივერსიტეტში ასწავლიდა, 1955 წელს კი ჩიკაგოს უნივერსიტეტში დამკვიდრდა.
შემდეგ დაიწყო მზის გვირგვინის (კორონა) ტემპერატურის შესწავლა და როგორც მისმა გაანგარიშებებმა აჩვენა, ამ გარემოს უნდა წარმოქმნიდეს ზედაპირს მოწყვეტილ ნაწილაკთა ზებგერითი დინება.
ამ იდეას თავდაპირველად სკეპტიციზმით შეხვდნენ, დასცინეს კიდეც.
„სრული სისულელე“
„პუბლიკაციის პირველმა რეცენზისტმა თქვა: „ვეჭვობ, პარკერი ბიბლიოთეკაში წავიდა და ამ თემაზე რაღაც წაიკითხა, ვიდრე ამის შესახებ პუბლიკაციის დაწერას ცდიდა, რადგან ეს სრული სისულელეა“, — უთხრა პარკერმა 2018 წელს UChicago News-ს.
მისი იდეა პუბლიკაციის სახით Astrophysical Journal-ში მხოლოდ მაშინ გამოჩნდა, როდესაც რედაქტორმა და ნობელის პრემიის მომავალმა ლაურეატმა, სუბრაჰმანიან ჩანდრასეკარმა გააცნობიერა, რომ პარკერის გათვლებში შეცდომა ვერ იპოვა და ორი სხვა რეზენზისტის წინააღმდეგობა უკუაგდო.
თეორიის სისწორე 1962 წელს დამტკიცდა, როდესაც NASA-ს ხომალდი Mariner II, რომელმაც ვენერას გადაუფრინა, დამუხტულ ნაწილაკთა ნაკადს წააწყდა, სახელად მზის ქარს.
მეცნიერებმა ახლა იციან, რომ მზის ქარი ყველა პლანეტას ურტყამს და მზის ამოფრქვევის შედეგად წარმოქმნილ ასეთ ძლიერ ქარებს დედამიწაზე კომუნიკაციების მოშლაც კი შეუძლია.
პარკერი ასევე სწავლობდა კოსმოსურ სხივებს, გალაქტიკების მაგნიტურ ველს და მრავალ სხვა საკითხს. მიღებული აქვს მრავალი ჯილდო.
NASA-ს პარკერის მზის ზონდი, რომელსაც სახელი პარკერის პატივსაცემად უწოდეს, 2018 წელს გაუშვეს და ის მზესთან ყველაზე ახლოს მივიდა ოდესმე გაშვებულ ყველა სხვა ხომალდს შორის.
ამ ზონდმა უკვე გამოგზავნა ძვირფასი მონაცემები, რომელთა საფუძველზეც მრავალი ახალი აღმოჩენა კეთდება.
მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.