გარდაიცვალა კინორეჟისორი ლიანა ელიავა. მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას კინოსტუდია „ქართული ფილმი“ ავრცელებს.
„ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ ფინეთში გარდაიცვალა ცნობილი ქართველი კინორეჟისორი, მწერალი, ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალის ოქროს მედლის ლაურეატი, კინემატოგრაფიის საკავშირო სახელმწიფო ინსტიტუტის ახალგაზრდული ფესტივალების ლაურეატი, საქართველოს კინოაკადემიის წევრი ლიანა ელიავა“, – ნათქვამია კინოსტუდიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ლიანა ელიავა დაიბადა 1939 წლის 31 აგვისტოს ხობში. 1962 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, 1970 წელს — მოსკოვის საკავშირო სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი (მიხეილ რომის სახელოსნო). 1970 წლიდან კინოსტუდია „ქართული ფილმის“ რეჟისორია. 1999 წლიდან ცხოვრობდა ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიში.
ლიანა ელიავას გადაღებული აქვს ფილმები: „ბზიანეთი“, „ეპისკოპოსი ნადირობაზე“, „მშვენიერი კოსტიუმი“, „სინემა“ და სხვა. ავტორია წიგნებისა: „სიზმრად ნანახი ფილმები“ (თბილისი, 2004), „კინო უეკრანოდ“ (თბილისი, 2011) და სხვა.