კინორეჟისორი ბუბა ხოტივარი 74 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს ეროვნულ კინოცენტრში დაუდასტურეს.
ბუბა ხოტივარმა დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის თეატრმცოდნეობის ფაკულტეტი; მოსკოვის კინემატოგრაფიის საკავშირო ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი.
სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს ტელეფილმების სტუდიისა და კინოსტუდია „ქართული ფილმის“ კინორეჟისორად. 1986-1991 წწ. ხელმძღვანელობდა „ქართული ფილმის“ ახალგაზრდულ შემოქმედებით გაერთიანება „ადამ და ევას“. 1988-1992 წწ. იყო საქართველო-ინგლისის ერთობლივი ფირმა „მთვარის გლობუსის“ გამგეობის წევრი და დირექტორი, ხოლო 2004-2006 წწ. კინოსტუდია „მემატიანეს“ დირექტორი. როგორც დამდგმელ რეჟისორს, გადაღებული აქვს დოკუმენტური და მხატვრული ფილმები: „ისლამი საქართველოში“, „ლეხაიმ!“, „მარკოზის სახარება“, „ლაზარეს თავგადასავალი“ (ქართლოს ხოტივართან ერთად), „დიმიტრი II“, „ჩირიკი და ჩიკოტელა“.