გარდაიცვალა კარდიოქირურგი, პროფესორი ვლადიმერ (ლადო) ალექსი-მესხიშვილი
პროფესორი, კარდიოქირურგი ვლადიმერ (ლადო) ალექსი-მესხიშვილი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილმა 1965 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. 1965–1967 წლებში იყო სოხუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ბავშვთა ქირურგიის განყოფილების ექიმი. 1968–1980 წლებში მუშაობდა მოსკოვში ა. ბაკულევის სახელობის გულის ქირურგიის ინსტიტუტში სხვადასხვა თანამდებობაზე. 1981 წლიდან იყო ამავე ინსტიტუტის ჩვილ ბავშვთა გულის ქირურგიისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილების გამგე.
იყო ბავშვთა გულის და გულის თანდაყოლილი მანკების ქირურგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი. 1970-იანი წლებიდან მისი თაოსნობით საფუძველი ჩაეყარა ახალშობილთა გულის თანდაყოლილი მანკებისა და ამ დარგის ინფრასტრუქტურის შექმნას ყოფილ საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე. მისი სამეცნიერო და პრაქტიკული მუშაობის შედეგად, დაინერგა გულის თანდაყოლილი მანკების ქირურგიული მკურნალობის ინოვაციური მიდგომები.
აქტიურ მონაწილეობას იღებდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გულის თანდაყოლილი მანკების დაფუძნებისა და განვითარების პროცესში. მისი, როგორც დარგის ერთ-ერთი პიონერის გამოცდილებამ დიდი გავლენა მოახდინა მსოფლიო მასშტაბით, გულის თანდაყოლილი მანკების მქონე პაციენტების გადარჩენასა და სიცოცხლის გახანგრძლივებაში.
იგი გერმანიაში მოღვაწეობდა, იყო გერმანიის გულის ქირურგიის ცენტრის, გულის თანდაყოლილი მანკების სამსახურის ლიდერი.