გარდაიცვალა ექიმი-კარდიოლოგი გულიკო ჩაფიძე
გარდაიცვალა ექიმი-კარდიოლოგი გულიკო ჩაფიძე

93 წლის ასაკში ქართველი ექიმი-კარდიოლოგი გულიკო ჩაფიძე გარდაიცვალა. ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს ოჯახის წევრებმა დაუდასტურეს.

გულიკო ჩაფიძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1955 წელს. 1954–1958 წლებში იყო ბორჯომის ლიკანის სანატორიუმის ექიმი-ორდინატორი. 1963-1975 წლებში ინფარქტის განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1962-1964 წლებში კარდიოლოგიური განყოფილების უფროსი მეცნიერ მუშაკი. 1965-1994 წლებში – თერაპიის ინსტიტუტის ინფარქტის განყოფილების ხელმძღვანელი. 1989 წლიდან დღემდე იყო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის პირადი ექიმი.

1997 წელს გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს მიენიჭა აკად. გ. ჩაფიძის სახელი (პატენტირებული); 1994-2014 წლებში აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის დირექტორი. 2011 წლიდან დღემდე ამავე ცენტრის გენერალური დირექტორი იყო. ავტორია ოთხი მონოგრაფიის და 300-მდე სამეცნიერო ნაშრომის. რვა საკანდიდატო სამი სადოქტორო დისერტაციის ხელმძღვანელი. კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, აკადემიკოსი. მიღებული აქვს უამრავი მედალი, ჯილდო და სიგელი (მათ შორის აშშ-ის).

1962 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაციის თემა: „რეგიონული სისხლის მიმოქცევის ზოგიერთი თავისებურებანი ჰიპერტონული დაავადების დროს“. სადოქტორო დისერტაციის თემა: „მიოკარდიუმის ინფარქტის მიმდინარეობის თავისებურებანი სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში და მიმდინარეობის პროგნოზირება“.