გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის პერსონალური კომპიუტერის ექსპერტიზა დასრულდა
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი იმყოფება.
როგორც უფლებათდამცველმა განაცხადა, თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერში არსებული მასალის კლონირება და დეშიფრაცია დასრულებულია.
მისი თქმით, აღნიშნული მასალების გაცნობის შემდეგ გახდება ცნობილი, რა ინფორმაცია ინახებოდა გარდაცვლილის პერსონალურ კომპიუტერში.
„კლონირება დასრულებულია, დეშიფრაცია მიმდინარეობდა და, როგორც ჩანს, ესეც დასრულდა. ახლა ექსპერტებთან ერთად გავივლით და ყველაფერი გვეცოდინება – იყო შეღწევის მცდელობა, თუ არა, რა ინფორმაცია ინახებოდა, რა ფაილებია. ბაჩალიაშილის ავტომობილზეც იქნება საუბარი“, – განაცხადა ადვოკატმა.
თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში 22 ივლისს გარდაცვლილი იპოვეს.