გარდაცვლილი სალომე ტატიშვილის დედა ბრალდებულ გიორგი ლიპარტელიანის კანონის სრული სიმკაცრით დასჯას ითხოვს
თბილისის სააპელაციო სასამართლოში ორი წლის წინ, გუდაურში სათხილამურო ტრასაზე გარდაცვლილი სალომე ტატიშვილის დაღუპვის საქმეს განიხილავს. მეორე ინსტანციაში ბრალდების მხარე პირველი ინსტანციის იმ გადაწყვეტილებას ასაჩივრებს, რომლის მიხედვითაც, 12 წლის სალომე ტატიშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული გიორგი ლიპარტელიანის მიმართ გამამართლებელი განაჩენი დადგა.
გარდაცვლილი სალომე ტატიშვილის დედა ნინო ჟვანია ითხოვს, კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯოს ბრალდებული გიორგი ლიპარტელიანი, რომელიც 2016 წლის იანვარში გუდაურში სრიალისას, თხილამურებზე მდგომი ტატიშვილს დაეჯახა და არასრულწლოვანი გოგონა ადგილზე გარდაიცვალა.
ამასთან, გარდაცვლილი გოგონას დედა აცხადებს, რომ მისთვის მიუღებელია საქალაქო სასამართლოს მოსამართლის ბესიკ ბუგიანიშვილის გადაწყვეტილება, რომელმაც გიორგი ლიპარტელიანი გაამართლა.
„ჩვენ გავასაჩივრეთ საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი გიორგი ლიპარტელიანის მიმართ, რომელიც ჩემს შვილს, სალომეს გუდაურში დაეჯახა და ის მიყენებული დაზიანებებით ადგილზე გარდაიცვალა. მეორე ინსტანციამ პირველი ინსტანციის გამამართლებელი განაჩენი აუცილებლად უნდა შეცვალოს, ვინაიდან ეს არის საშიში განაჩენი, რომელიც ძალიან სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს. ეს ფაქტობრივად გაუფრთხილებლობით ჩადენილი დანაშაულის დეკრიმინალიზაციას ახდენს. ბესიკ ბუგიანიშვილის მიერ გამოტანილი განაჩენი არის აბსურდული და უსაფუძვლო. ფაქტობრივად, მოსამართლე გვეუბნება, რომ თუ სამთო კურორტზე სხვისი უპასუხისმგებლობით, ან დაუდევარი საქციელით ადამიანი დაშავდება, ამაში საკუთარი თავი უნდა დავიდანაშაულოთ“, – განაცხადა ნინო ჟვანიამ.
არსებული ინფორმაციით, გიორგი ლიპარტელიანმა ქვეყანა დატოვა და ის სასწავლებლად გაემგზავრა. ინფორმაცია ამის შესახებ პროცესზე ადვოკატმა დაადასტურა. მისი თქმით, გიორგი ლიპარტელიანი სასწავლებლად ჩეხეთში იმყოფება და 2018 წლის ზაფხულამდე საკუთარ ნაშრომზე მუშაობს. ადვოკატმა ამის დამადატურებელი საბუთი დღეს მოსამართლეს წარუდგინა.
2016 წლის 10 იანვარს 12 წლის სალომე დებთან, სპორტ-სკოლის მწვრთნელთან და სხვა მოსწავლეებთან ერთად იმყოფებოდა, რა დროსაც თხილამურებზე მდგომი ლიპარტელიანი დაეჯახა. საქმეზე გამოძიება სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის მუხლით მიმდინარეობდა.
პროცესის მიმდინარეობის პარალელურად, სასამართლოს ეზოში დაღუპული გოგონას ოჯახი და ახლობლები აქციას მართავენ, სახელწოდებით – „სამართლიანობისთვის სალომეს სახელით“.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 2017 წლის 29 დეკემბერს მიღებული განაჩენით ბრალდებული გიორგი ლიპარტელიანი გაამართლა.