გარდაცვლილი მელანო ფუტკარაძის ახლობლებმა ექიმების გუშინდელი აქცია გააპროტესტეს
ბათუმში რამდენიმე დღის წინ გარდაცვლილი 29 წლის მელანო ფუტკარაძის ახლობლები რეფერალურ საავადმყოფოსთან დღეს ისევ შეიკრიბნენ და მდუმარე აქციით ექიმების გუშინდელი აქცია გააპროტესტეს.
ბათუმელმა ექიმებმა გუშინ სოლიდარობა გამოუცხადეს კოლეგას, რომელსაც გარდაცვლილის ახლობლები არასწორი დიაგნოზის დასმასა და გულგრილობაში ადანაშაულებენ.
„შეურაცხმყოფელი იყო ექიმების აქცია. მგლოვიარე ხალხი დღეს ისევ იძულებული გავხდით გამოვსულიყავით, ოჯახმა ერთადერთი შვილი დაკარგა და ექიმები რასაც ამბობენ, სამარცხვინოა. ჩვენ დაველოდებით ექსპერტიზის შედეგებს და საჭიროების შემთხვევაში აქციებსაც მოვაწყობთ,” – განაცხადა გარდაცვლილის მამიდამ, მზევინარ ფუტკარაძემ.
ბათუმის სხვადასხვა კლინიკის მედიკოსებმა უფლებაშეჩერებული ექიმის სოლიდარობის აქცია გუშინ გამართეს და ექიმების უფლებების დაცვის მოთხოვნით ჯანდაცვის სამინისტროს მიმართვა გაუგზავნეს.
29 წლის მელანო ფუტკარაძე 21 მარტს ღამით კლინიკა „მედცენტრში” მწვავე აპენდიციტის დიაგნოზით გარდაიცვალა, თუმცა ახლობლებს პრეტენზია რეფერალურ საავადმყოფოსთან აქვთ, სადაც მელანო ფუტკარაძე სამკურნალოდ თავდაპირველად მივიდა.
საპროტესტო აქციების შედეგად, ოჯახის მოთხოვნით რეფერალური საავადმყოფოს ექიმს პირადი განცხადების საფუძველზე შეუწყდა უფლებამოსილება.
აპენდიციტის შედეგად გარდაცვლილ მელანო ფუტკარაძესთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას და სამედიცინო დაწესებულებებში არსებულ სიტუაციას სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს წარმომადგენლები სწავლობენ.