გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალის ახლობლებმა ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოსთან მორიგი აქცია გამართეს
გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალის ახლობლებმა ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოსთან მორიგი აქცია გამართეს

არ გავჩერდებით სანამ სამართალი არ იზეიმებს, შემდეგი შეიძლება იყო შენ, – ამ შინაარსის ტრანსფარანტები ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოსთან რამდენიმე დღის წინ მწვავე აპენდიციტის დიაგნოზით გარდაცვლილი 29 წლის მელანო ფუტკარაძის ახლობლებმა გამოფინეს.

მორიგ საპროტესტო აქციაზე მათ ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების ფაქტის დროული გამოძიება მოითხოვეს.

„ვითხოვთ პასუხებს, როდის დასრულდება ან რა სტადიაშია გამოძიება. უნდა ვიცოდეთ რას აპირებენ, რას აკეთებენ სამართალდამცველები, რატომ იგვიანებს ექსპერტიზის შედეგები, დროულად უნდა გამოვლინდეს და დაისაჯოს დამნაშავე,”- განაცხადა გარდაცვლილის ბიძამ, ტარიელ ქათამაძემ.

გარდაცვლილის ახლობლები არ აპირებენ პერმანენტული აქციების შეწყვეტას. ისინი მოითხოვენ, პასუხისმგებლობა დაეკისროს არა მხოლოდ ერთ ექიმს, არამედ მორიგე ჯგუფის მთელ შემადგენლობას.

მელანო ფუტკარაძე 21 მარტს ღამით კლინიკა „მედცენტრში” მწვავე აპენდიციტის დიაგნოზით გარდაიცვალა, თუმცა ახლობლებს პრეტენზია რეფერალურ საავადმყოფოსთან აქვთ, სადაც მელანო ფუტკარაძე სამკურნალოდ თავდაპირველად მივიდა.

საპროტესტო აქციების შედეგად, ოჯახის მოთხოვნით რეფერალური საავადმყოფოს ექიმს პირადი განცხადების საფუძველზე შეუწყდა უფლებამოსილება.

აპენდიციტის შედეგად გარდაცვლილ მელანო ფუტკარაძესთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას და სამედიცინო დაწესებულებებში არსებულ სიტუაციას სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს წარმომადგენლები სწავლობენ.