განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანის ფაქტზე თბილისის აეროპორტში ერთი პირი დააკავეს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისის აეროპორტში ერთი პირი დააკავეს.
1990 წელს დაბადებულ, წარსულში ნასამართლევ ა.ც.-ს ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და საქართველოში უკანონოდ შემოტანაში ედება.
„სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 508 აბი ნარკოტიკული საშუალება “სუბუტექსი” და 3 აბი „მეტადონი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა აღნიშნული ნარკოტიკები თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში უკანონოდ შემოიტანა.
ა.ც. ჩადენილ დანაშაულს აღიარებს“, – აცხადებენ შსს-ში.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და საქართველოში უკანონოდ შემოტანას გულისხმობს. დანაშაული ექვსიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.