განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანის ფაქტზე თბილისის აეროპორტში ერთი პირი დააკავეს
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანის ფაქტზე თბილისის აეროპორტში ერთი პირი დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისის აეროპორტში ერთი პირი დააკავეს.

1990 წელს დაბადებულ, წარსულში ნასამართლევ ა.ც.-ს ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და საქართველოში უკანონოდ შემოტანაში ედება.

„სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 508 აბი ნარკოტიკული საშუალება “სუბუტექსი” და 3 აბი „მეტადონი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა აღნიშნული ნარკოტიკები თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში უკანონოდ შემოიტანა.

ა.ც. ჩადენილ დანაშაულს აღიარებს“, – აცხადებენ შსს-ში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და საქართველოში უკანონოდ შემოტანას გულისხმობს. დანაშაული ექვსიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.