განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონოდ შეძენა-შენახვასა და საქართველოში უკანონო შემოტანისთვის ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ შეძენა-შენახვასა და საქართველოში უკანონო შემოტანისთვის ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
„რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონო შემოტანისთვის ბრალდებული, ირანის რესპუბლიკის მოქალაქე მ.ა. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტითა და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ირანის რესპუბლიკის მოქალაქე მ.ა-მ ირანში უკანონოდ შეიძინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი’’, რომელიც სხეულში დამალვის გზით, 2018 წლის 18 თებერვალს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით, უკანონოდ შემოიტანა საქართველოში.
სამართალდამცავებმა მ.ა საქართველოში შემოსვლისთანავე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. მისი პირადი ჩხრეკისას ამოღებულ იქნა 168 გრამი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი’’. მ.ა.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტითა (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა- შენახვა, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით) და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (საქართველოში ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანა, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
რუსთავის საქალაქო სასამართლომ მ.ა დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, – აღნიშნულია საქართველოს პროკურატურის ინფორმაციაში.