ერთობლივ განცხადებაზე ხელმოწერით განისაზღვრა სავარაუდო თარიღი, როცა საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმების ტექსტს ოფიციალურად მოეწერება ხელი
ერთობლივ განცხადებაზე ხელმოწერით განისაზღვრა სავარაუდო თარიღი, როცა საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმების ტექსტს ოფიციალურად მოეწერება ხელი

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და საგარეო ვაჭრობის საკითხებში არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრმა, თანი ბინ აჰმედ ალ ზეიუდიმ ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას საქართველოსა და საამიროებს შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების დასრულების თაობაზე.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ხელმოწერილი დოკუმენტის თანახმად, განისაზღვრა სავარაუდო თარიღი, როდესაც, შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შედეგად, შეთანხმების ტექსტი მზად იქნება ოფიციალური ხელმოწერისთვის.

„ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმება დაფარავს საქონლით ვაჭრობას, წარმოშობის წესებს და წარმოშობის პროცედურებს, საბაჟო ადმინისტრაციას და ვაჭრობის ხელშეწყობას, სანიტარულ და ფიტოსანიტარულ ზომებს, ტექნიკურ ბარიერებს ვაჭრობაში, ვაჭრობაში დაცვით ზომებს, ინვესტიციას, მომსახურებით ვაჭრობას, ციფრული ვაჭრობას და მრავალ სხვა საკითხს.

არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმების საფუძველზე საქართველო საამიროებთან ისარგებლებს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით, რაც გულისხმობს, რომ საქართველოსთვის დამატებით გაიხსნება 10-მილიონიანი მაღალმსყიდველობითუნარიანი ბაზარი. ხელმოწერა საქართველოსა და საამიროებს შორის აღნიშნულ საკითხზე მოლაპარაკებების მესამე და საბოლოო რაუნდის წარმატებით დასრულების შემდეგ გაიმართა, რომელიც საქართველოს დედაქალაქ თბილისში 15-17 მარტს მიმდინარეობდა.

საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების პირველი რაუნდი გაიმართა თბილისში 2022 წლის 26-28 სექტემბერს, ხოლო მეორე რაუნდი დუბაიში – ამავე წლის 6-8 დეკემბერს. ეკონომიკური, სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობების ხელშეწყობის მიზნით, ჯერ კიდევ 2020 წლის დეკემბერში ორი ქვეყნის ეკონომიკის მინისტრების მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით, ხოლო 2022 წლის 9 მაისს ხელი მოეწერა „საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმების მოლაპარაკების პირობების დოკუმენტს“.

ხელმოწერამდე, არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო ვაჭრობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თანი ბინ აჰმედ ალ ზეიუდიმ, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტი იმყოფება, უკვე გამართა ორმხრივი შეხვედრა ვიცე-პრემიერ ლევან დავითაშვილთან და საქართველოს მთავრობის სხვა წარმომადგენლებთან. გარდა ამისა, ლევან დავითაშვილმა და თანი ბინ აჰმედ ალ ზეიუდიმ გახსნეს ბიზნესფორუმი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 250-ზე მეტმა ბიზნესმენმა ორივე ქვეყნიდან“, – ნათქვამია ინფორმაციაში.