ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით, IBSU-ს სტუდენტები აქციას მართავენ
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წინ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები აქციას მართავენ. სტუდენტებთან ერთად აქციაზე იმყოფებიან უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წევრები და ლექტორები.
შეკრებილები ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილების გაუქმებას მოითხოვენ.
აქციის წევრები ერთმანეთს სიტყვით მიმართავენ და აფასებენ ბოლო დღეებში შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის გარშემო განვითარებულ მოვლენებს.
აქციის მონაწილეებს განათლების სამინისტროს წინ მოტანილი აქვთ საყვირები, ხმის გამაძლიერებლები და ტრანსფარანტები. ამასთან, სტუდენტებმა სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე პროტესტის ნიშნად ასფალტზე დააკრეს ავტორიზაციის საბჭოს 20 აგვისტოს გადაწყვეტილებისა და უნივერსიტეტის საბანკო ანგარიშის ამონაწერის ასლები, რომელზეც აღნიშნულია, რომ შავი ზღვის უნივერსიტეტს ანგარიშზე 700 000 ლარზე მეტი თანხა უდევს.
სტუდენტების თქმით, ეს არის იმის მტკიცებულება, რომ უნივერსიტეტს ფინანსური პრობლემები არ აქვს. აქციის მონაწილეებმა ასევე ულტიმატუმზეც ილაპარაკეს.
შეკრებილებმა სამინისტროსა და საბჭოს გადაწყვეტილების შესაცვლელად 27 აგვისტოს 18:00 საათამდე მისცეს დრო, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, სხვადასხვა ფორმის საპროტესტო აქციებს აანონსებენ.
რამდენიმე დღის წინ, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გაიმართა. შეხვედრის შემდეგ სტუდენტებმა განაცხადეს, რომ საპროტესტო აქციებს გეგმავენ. განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის ცნობით, შავი ზღვის უნივერსიტეტს სტუდენტების მიღება ფინანსური დავალიანებების გამო შეეზღუდა.