განათლების მინისტრის მოადგილე უნივერსიტეტებში ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გატარებულ ღონისძიებებს გაეცნო
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მონიტორინგს აგრძელებს. მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი, სსიპ შრომის ინსპექციის სამსახურის უფროს ბექა ფერაძესთან ერთად, ამჯერად კავკასიის უნივერსიტეტსა და პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიას ეწვია და ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის გატარებული ღონისძიებები ადგილზე შეაფასა.
ნუნუ მიცკევიჩმა აღნიშნა, რომ კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში უზრუნველყოფილია ვირუსის პრევენციისთვის ყველა საჭირო რესურსი და საგამოცდო პროცესი უსაფრთხოების ნორმების დაცვით მიმდინარეობს. შესაბამისად, ორივე უნივერსიტეტი მზადყოფნაშია სასწავლო პროცესის სრულად აღსადგენად.
მისი თქმით, უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა პანდემიის პირობებში არსებული გამოწვევები წარმატებით დაძლიეს და მოკლე ვადებში შეძლეს შერეული სასწავლო პროცესის გამართულად ორგანიზება.
მინისტრის მოადგილემ სასწავლო პროცესის აუდიტორიებში გაგრძელებასთან დაკავშირებით ყურადღება გაამახვილა სტუდენტთა ინფორმირების მნიშვნელობაზეც. როგორც მან აღნიშნა, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს აქტიური კომუნიკაცია აქვთ სტუდენტებთან და აწვდიან მათ ყველა საჭირო ინფორმაციას, თუ რა ღონისძიებები ხორციელდება „კოვიდ-19“-ის პანდემიის გამოწვევების საპასუხოდ, როგორც საგანმანათლებლო პროცესის ორგანიზების, ასევე, უნივერსიტეტში სანიტარული ნორმების დაცვის კუთხით.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 15 მარტიდან უნივერსიტეტებს საშუალება ეძლევათ, სრულად აღადგინონ საგანმანათლებლო საქმიანობა და სალექციო სასწავლო პროცესი აუდიტორიებში განაახლონ.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, უსაფრთხო გარემოს მონიტორინგის მიზნით უნივერსიტეტების მონახულება, როგორც სამინისტროს, ასევე, შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ, სისტემატურ რეჟიმში მთელი ქვეყნის მასშტაბით გრძელდება.