ირინა აბულაძე აცხადებს, რომ ეროვნული გამოცდების გაუქმება არ იგეგმება, თუმცა შესაძლოა, საგნები და უნარები ცენტრალიზებულ გამოცდაში გაერთიანდეს
შესაძლოა, მომავალში იყოს ერთი დიდი ცენტრალიზებული გამოცდა, რომელშიც საგნები და უნარები იქნება კომბინირებული, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ განუცხადა.
კითხვაზე, იგეგმება თუ არა ეროვნული გამოცდების გაუქმება და განიხილება თუ არა სტუდენტების შიდასაუნივერსიტეტო გამოცდით ჩარიცხვის შესაძლებლობა, ირინა აბულაძემ განაცხადა, რომ მსგავს საკითხზე მსჯელობა არ მიმდინარეობს და საუბარია მხოლოდ ეროვნული გამოცდების არსებული მოდელის დახვეწაზე. თუმცა, მისივე თქმით, უნივერსიტეტებთან გამოცდების მოდელების განხილვისას ეროვნული გამოცდების შესაძლო გაუქმების საკითხზეც იყო საუბარი.
„როდესაც უნივერსიტეტებთან განვიხილავდით მათი ავტონომიისა და პასუხისმგებლობის ზრდის კომპონენტებს, ეს საკითხიც განიხილებოდა. თუმცა, საუბარი არის იმაზე, როგორც არის ბევრ დასავლურ ქვეყანაში, მას შემდეგ, რაც სკოლების სისტემა გვექნება იმგვარად უზრუნველყოფილი, რომ უნივერსიტეტები და საზოგადოება ენდობა სკოლას და იქ მიმდინარე პროცესებს, შემდეგ გრძელვადიან პერსპექტივაში წავიდეთ იქითკენ, რომ სკოლის აკადემიური მიღწევები: რას აკეთებდა მოსწავლე 12 წლის განმავლობაში სკოლაში, როგორც საგანში, ასევე კლასგარეშე აქტივობაში, რამდენად ლიდერული და აქტიური იყო, მისი ძლიერი მხარეები შესაძლებელია, მონაწილეობდეს ჩარიცხვაში. გრძელვადიან პერსპექტივაში განიხილება ეს მოდელი, საით წავიდეთ. ბევრ ვარიანტზე შეიძლება იყოს ლაპარაკი“, – აღნიშნა ირინა აბულაძემ.
მისივე თქმით, ცენტრალიზებულ გამოცდასთან ერთად, შესაძლოა, შემოიღონ უნივერსიტეტში ჩარიცხვისთვის საჭირო სხვა, დამატებითი კომპონენტებიც.
„შესაძლოა, იყოს ერთი დიდი ცენტრალიზებული გამოცდა მომავალში, რომელიც არის საგანი და უნარი კომბინირებული და ამის გარდა, არსებობდეს სამოტივაციო წერილი, პროექტი, სხვადასხვა წყაროები, რის მიხედვითაც უნივერსიტეტები შეარჩევენ სტუდენტებს. თუმცა, ეს არის შორეული პერსპექტივა და ცხადია, ეს წელს და მომავალ წელს არ იგეგმება. პრინციპის დონეზე საუბარი არის, რომ მომავალში, მას შემდეგ, რაც სკოლების დონეზე ამ გამოწვევებს მოვაგვარებთ, გახდეს ერთიანი, მსხვილი, კომბინირებული გამოცდა. თუ შევთანხმდით და დავგეგმეთ შესაძლებელია, 2023-2024 წლისთვის გადავიდეთ ამ მოდელზე“, – განაცხადა ირინა აბულაძემ.