განათლების მინისტრის მოადგილე ალექსანდრე თევზაძე თანამდებობას ოქტომბრის ბოლოს დატოვებს
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე თევზაძე თანამდებობას ოქტომბრის ბოლოს დატოვებს, – ამის შესახებ მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, სადაც სამინისტროში განხორციელებული საკადრო ცვლილებების შესახებ ისაუბრა.
მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, მინისტრის ახალი მოადგილე ნათია ზედგინიძე-ჯიშკარიანი იქნება.
„მინისტრის მოადგილე ალექსანდრე თევზაძე, 2018 წლის 31 ოქტომბრამდე აგრძელებს სამინისტროში მუშაობას და შემდგომ, საკუთარი განცხადების საფუძველზე, ტოვებს დაკავებულ თანამდებობას“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა დღეს გამოცდების ეროვნული ცენტრისა და კიდევ რამდენიმე უწყების ახალი ხელმძღვანელი დანიშნა.