მიხეილ ბატიაშვილი - ახალ გუნდთან ერთად განვახორციელებთ განათლების სისტემის რეფორმასა და სრულ ტრანსფორმაციას
მიხეილ ბატიაშვილი - ახალ გუნდთან ერთად განვახორციელებთ განათლების სისტემის რეფორმასა და სრულ ტრანსფორმაციას

ახალ გუნდთან ერთად განვახორციელებთ განათლების სისტემის რეფორმასა და სრულ ტრანსფორმაციას, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, სადაც სამინისტროში განხორციელებული საკადრო ცვლილებების შესახებ ისაუბრა.

მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, მინისტრის მოადგილედ ნათია ზედგინიძე-ჯიშკარიანი დანიშნა. მისი თქმით, ნათია ზედგინიძე-ჯიშკარიანის საკურატორო სფერო იქნება სამინისტროს ადმინისტრაციული საქმიანობის ყველა მიმართულების კოორდინაცია და კონტროლი.

„ნათია ზედგინიძის 20-წლიანი სამუშაო გამოცდილება მოიცავს სხვადასხვა მენეჯერულ პოზიციას როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში. უკანასკნელ პერიოდში, მუშაობდა საქართველოს პარლამენტში, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის აპარატის უფროსის თანამდებობაზე. მას ასევე აქვს აკადემიური გამოცდილება საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში. მონაწილეობას იღებდა არაერთი პროფესიული განვითარების პროგრამაში, მათ შორის, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში, მაასტრიხტის უნივერსიტეტში და სხვა. ნათია ზედგინიძეს აქვს ბიზნესის მართვის მაგისტრის და დოქტორის წოდება“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

ამასთან, მიხეილ ბატიაშვილმა აღნიშნა, რომ მინისტრის მოადგილე ალექსანდრე თევზაძე 2018 წლის 31 ოქტომბრამდე სამინისტროში მუშაობას გააგრძელებს და შემდგომ, საკუთარი განცხადების საფუძველზე, დაკავებულ თანამდებობას დატოვებს.

როგორც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ბრიფინგზე განაცხადა,  2018 წლის 13 სექტემბერს, შესაბამისი კანონმდებლობის დაცვით გამოცხადდა საჯარო კონკურსები სამინისტროს დაქვემდებარებული სსიპების ხელმძღვანელების ვაკანტურ თანამდებობებზე.

მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურ დირექტორად ზვიად გაბისონია დაინიშნა.

„ზვიადი 19 წლის განმავლობაში ეწევა აკადემიურ საქმიანობას საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში, ასევე, მისი გამოცდილება მოიცავს უმაღლეს თანამდებობებს კერძო სექტორში – იურიდიული პროფილის კომპანიებში. ზვიადი გახლავთ იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი, ბრემენისა და ბონის უნივერსიტეტების კურსდამთავრებული, გავლილი აქვს სამეცნიერო სტაჟირება მიუნხენის ლუდვიგ-მაქსიმილიანის უნივერსიტეტში“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

ამასთან, როგორც მინისტრმა ბრიფინგზე აღნიშნა, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორად ბერიკა შუკაკიძე დაინიშნა.

მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, ბერიკა შუკაკიძეს აქვს განათლების სფეროში მუშაობის 23-წლიანი გამოცდილება.

„ბერიკა შუკაკიძეს ასოცირებული პროფესორის რანგში, სალექციო კურსები მიჰყავს განათლების მართვისა და კვლევების პროგრამებზე სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში. ბერიკა შუკაკიძე არის არაერთი სტატიის ავტორი და კვლევითი პროექტის ხელმძღვანელი განათლების სისტემის მიმართულებით. მას მიღებული აქვს დოქტორის ხარისხი განათლების სფეროში, ამასთან, აქვს მაგისტრის ხარისხი ებრასკის სახელმწიფო უნივერსიტეტში განათლების მართვისა და ზედამხედველობის მიმართულებით“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

მინისტრის თქმით,  განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორად დაინიშნა გიორგი ვაშაკიძე.

„გიორგი ვაშაკიძეს აქვს 10-წლიანი სამუშაო გამოცდილება საერთაშორისო, კერძო და საჯარო ორგანიზაციებში მენეჯერულ თანამდებობებზე. გიორგი ცხრა წლის განმავლობაში ეწევა აკადემიურ საქმიანობას სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში, ასევე, მუშაობდა ექსპერტად გაერო-ს განვითარების პროგრამებში, გახლდათ რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საბჭოს წევრი. გიორგი ვაშაკიძე გახლავთ ალფრედ ტოპფერის ფონდის, ჰამბურგის უნივერსიტეტის, მაქს-პლანკის სახელობის უნივერსიტეტის, ედმუნდ სიმერსის ფონდის სტიპენდიანტი. არის არაერთი მონოგრაფიის, კვლევისა და სტატიის ავტორი. გიორგი ვაშაკიძეს მიღებული აქვს სამართლის მაგისტრისა და სამართლის დოქტორის წოდებები ჰამბურგის უნივერსიტეტში“, – განაცხადა მინისტრმა.

მიხეილ ბატიაშვილმა შეფასებისა და ეროვნული გამოცდების ცენტრის დირექტორად სოფიო გორგოძე დანიშნა.

მინისტრის განცხადებით, სოფიო გორგოძეს აქვს 14-წლიანი მუშაობის გამოცდილება განათლების სისტემაში. მისივე თქმით, სოფიო გორგოძე სხვადასხვა დროს იკავებდა ხელმძღვანელ თანამდებობებს და ეწეოდა საკონსულტაციო მომსახურებას როგორც საჯარო და არასამთავრობო სექტორში, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციებში განათლების მართვის მიმართულებით. უმაღლეს სასწავლებლებში მის მიერ წაყვანილი სასწავლო კურსები მოიცავს განათლების პოლიტიკას, საგანმანათლებლო შეფასებებს, განათლების კვლევებს.

„სოფიო გორგოძე სხვადასხვა დროს მუშაობდა, როგორც საქართველოს დელეგატი ევროსაბჭოს ზოგადი განათლების კომიტეტში, გახლდათ ჰარვარდის უნივერსიტეტის სტუდენტური ორგანიზაციის თანადამფუძნებელი და თანათავმჯდომარე. განათლების მიმართულებით სოფიო გორგოძეს გამოქვეყნებული აქვს არაერთი პუბლიკაცია და სტატია სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ გამოცემაში. სოფიო გორგოძეს აქვს ჰარვარდის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი განათლების პოლიტიკის მიმართულებით, ასევე ის გახლავთ განათლების დოქტორი. ეს არის გუნდი, რომელთან ერთადაც ჩვენ განვახორციელებთ განათლების სისტემის რეფორმასა და სრულ ტრანსფორმაციას“, – აღნიშნა მინისტრმა.