განათლების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი საქართველოს პირველ არხზე ტელეგაკვეთილების ჩაწერის პროცესს გაეცნო [ფოტო/ვიდეო]
პროექტ „ტელესკოლის“ ფარგლებში საქართველოს პირველ არხზე მიმდინარე სამუშაოებს განათლების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი გაეცნო.
საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ და განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა პროექტის მნიშვნელობასა და მიზნებზე ისაუბრეს.
საქართველოს პირველმა არხმა, განათლების სამინისტროსთან ერთად, მოამზადა პროექტი „ტელესკოლა“, რომელიც ითვალისწინებს საშუალო სკოლის მოსწავლეებისთვის საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხითა და ონლაინპლატფორმებით სასკოლო პროგრამით გათვალისწინებული გაკვეთილების ჩატარებას.
30 მარტიდან მეორე არხი „პირველი არხი – განათლების“ სახელით იმაუწყებლებს და ტელეგაკვეთილები სწორედ მის ეთერში გავა.
სამინისტროსთან ერთად შეიქმნა გაკვეთილების ცხრილი, რომელიც კლასების მიხედვით მოიცავს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგნებს.
შეირჩნენ პედაგოგები, როგორც საჯარო, ისე კომერციული სკოლებიდან. ისინი საგნის კოორდინატორთან კონსულტაციის შედეგად, ამზადებენ „ტელესკოლის“ ფორმატს მორგებულ სასწავლო პროგრამას.
ტელეგაკვეთილები მოიცავს, როგორც ქართულ, ასევე არაქართულენოვან სექტორს (სომხური, აზერბაიჯანული). პედაგოგებთან ერთად, გაკვეთილების მომზადებაში ჩართული არიან ფსიქოლოგები, რათა გათვალისწინებული იყოს სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვების ინტერესები. გაკვეთილები იქნება უზრუნველყოფილი სურდოთარგმანით.
„ტელესკოლის“ ფარგლებში მოსწავლეებს ექნებათ კლასგარეშე სანახავი გაკვეთილებიც, რომლებიც შაბათ-კვირის საეთერო ბადეში განთავსდება – ხალხური სიმღერისა და ცეკვის გაკვეთილები; პროგრამირება; დათო ევგენიძის მუსიკის გაკვეთილები; „მშობლების დრო“.
გარდა ამისა, არხი ეთერში გავა დოკუმენტური ფილმების ციკლი „ქართლის ცხოვრება მარიამ ლორთქიფანიძესთან ერთად“ (16 სერია), რომელიც „კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ მიერ არის დამზადებული; „არტესა“ და „ბიბისის“ დოკუმენტურ-შემეცნებითი ფილმები, რომლებსაც პედაგოგები სასწავლო პროგრამის ნაწილად გამოიყენებენ. გაკვეთილებს შორის იქნება მცირე ქრონომეტრაჟის სპორტის გაკვეთილები.
ტელეგაკვეთილები მეორე არხზე 30 მარტიდან დაიწყება.