„განახლებული რეგიონების“ პროგრამით გათვალისწინებული ყველა ტენდერი უახლოესი კვირის განმავლობაში გამოცხადდება
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, გასულ კვირას, რეგიონების განვითარების პროგრამის ფარგლებში, დასავლეთ საქართველოში კომისიის სხდომები და საინტერესო მსჯელობა გაიმართა.
„გასულ კვირას ვიყავით დასავლეთ საქართველოში, ჩავატარეთ კომისიები. იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, გურია, აჭარა – ყველგან ძალიან საინტერესოდ განვითარდა. 34-ვე მუნიციპალიტეტი იყო წარმოდგენილი, მდებარეობები, არეალები, პროექტები წარმოადგინეს უშუალოდ ქალაქების მერებმა, ძალიან საინტერესო მსჯელობა იყო, მათ შორის თვითონ ამ მდებარეობების განსაზღვრისას. შეირჩა ისეთი მდებარეობები, რომლებიც მნიშვნელოვან გავლენას მოახდენენ სოციალურ-ეკონომიკური ვითარების გამოსწორებაზე, კიდევ უფრო გაჯანსაღებაზე და ახალ შესაძლებლობებს გააჩენენ.
დასახელებული იქნა კონკრეტული ობიექტები, რომლებსაც ჩვენ გეგმაზომიერად, კომისიის დასრულების შემდეგ ვაქვეყნებდით. საკმაოდ დიდია ჩამონათვალი, ყველასთვის ხელმისაწვდომია და ნახავთ, რამდენად მნიშვნელოვანი და მასშტაბური ობიექტები იქნა შერჩეული. პირველი ეტაპისთვის შერჩეულია ცენტრალური მდებარეობები, რა თქმა უნდა, მრავალი სხვადასხვა საჭიროებაა, რომელზე მუშაობაც შემდგომში გაგრძელდება.
კომისიის პირველი ეტაპი არის პირველადი საჭიროების პროექტების დადგენა. ტენდერები უკვე გამოცხადებულია, მაგალითად, დღეს იხსნება შვიდი, კიდევ გამოცხადდება უწყვეტ რეჟიმში, რომლის შედეგადაც გამოვლენილი გვეყოლება საპროექტო-სამშენებლო კომპანიები, რომლებიც ადგილებზე, უკვე ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან მჭიდრო თანამშრომლობით წარმოადგენენ საპროექტო დოკუმენტაციას, შემდგომში მოხდება მისი აღსრულება“, – განაცხადა ქარსელაძემ და დასძინა, რომ პროგრამით გათვალისწინებული ყველა ტენდერი უახლოესი კვირის განმავლობაში გამოცხადდება.
„ტენდერები უკვე გამოცხადებულია დასავლეთ საქართველოში, აღმოსავლეთ საქართველოს გამოცხადებებიც დაიწყება და უახლოესი კვირის განმავლობაში, 63-ვე მუნიციპალიტეტში, ყველა რეგიონში უკვე გამოცხადებული იქნება ყველა ტენდერი, რომელზეც პროგრამაშია საუბარი“, – აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.
ამასთან, ქარსელაძემ განმარტა, კონკრეტულად რა მასშტაბური ღონისძიებები იგეგმება პროექტის ფარგლებში, რათა მუნიციპალიტეტს ახალი შესაძლებლობები გაუჩნდეს.
„ძალიან საინტერესო პროცესია, რადგან ასეთი ტიპის, მასშტაბის გადაწყვეტილებები მუნიციპალიტეტს არ მიუღია. საუბარი არის ძალიან მასშტაბურ ღონისძიებებზე, რაც მხოლოდ გზის, სკვერის რეაბილიტაციას არ ეხება. ამ შემთხვევაში, ჩვენ ვლაპარაკობთ ყველაფერზე ერთად, მაგრამ გამდიდრებული კონკრეტული ფუნქციებით, ისეთი ელემენტების დამატებით, რომლებიც ეკონომიკურ ბიძგს მისცემს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ახალი შესაძლებლობები გაუჩნდება თვითონ მუნიციპალიტეტსაც და იმ პირებსაც, ვინც ამ მუნიციპალიტეტში საქმიანობენ. შეიძლება, ბიზნესს აკეთებენ, ამ შემთხვევაში, მისი გაფართოება მოხდება ან ახალი ბიზნესი იქნება. მაგალითად, პირობითად ვამბობ, ქუთაისში, ფალიაშვილი, რუსთაველის ქუჩა, ცენტრალური ბაღი – მთელი რიგი არეალია, ამავდროულად რეკრეაცია და განვითარება ძალიან საინტერესოდ შეიძლება. სწორედ ამიტომ, ტენდერის შედეგად გამოვლენილი მაღალი დონის არქიტექტორები და ურბანისტები ერთვებიან ამ საქმეში.
იგივე შეიძლება, ითქვას ქობულეთთან დაკავშირებით. ქობულეთში მოხდება ბულვარის მოწყობა, რომელიც დღეს ფაქტობრივად არ არსებობს. ბულვარის პირობებში ხალხს სხვა პერსპექტივა გაუჩნდება. არ არის საუბარი, რომ მხოლოდ მეტი ტურისტი ჩაუვათ, არამედ ტურისტებს დროის გატარების განსხვავებული შესაძლებლობა მიეცემათ, რაც დღეს არ არის. ბათუმშია ძალიან საინტერესო პროექტი, რომელიც ითვალისწინებს ახალი ბულვარის მწვანე დერეფნის მოწყობას, პერპენდიკულარული იმ ბულვარისა, რაც მოწყობილია. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი მწვანე სივრცე, რომელიც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ვითარებას. ამას გარდა, უბნებს, რომლებიც არ არის განვითარებული ამ არეალში, ბიძგი მიეცემათ განვითარებისთვის. მესტია, ულამაზესი ქალაქია, ძალიან დიდი პოტენციალით, თქვენ წარმოიდგინეთ, მესტიას რეკრეაციული პარკი არ ჰქონდა დღემდე. იქნა შემოთავაზება კონკრეტული არეალის, სადაც მოეწყობა პარკი“, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.