„მიხეილ მესხი არენაზე“, რომელიც უეფა-ს 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატისათვის განახლდა, პირველი ტესტმატჩი გაიმართა. შეხვედრა ეროვნული ლიგა 2-ის გუნდების, „დინამო თბილისი 2“-ის და ბოლნისის „სიონის“ მონაწილეობით შედგა.
სფფ-ს ცნობით, უეფა-ს წარმომადგენლებთან ერთად, 5 ივნისის ჩათვლით, როგორც „მიხეილ მესხზე“, ისე „რამაზ შენგელია არენაზე“ კიდევ რამდენიმე ტესტმატჩი გაიმართება, სადაც შეხვედრის ორგანიზებისთვის საჭირო ტექნიკური დეტალები და საოპერაციო სისტემა გამოიცდება.
„უეფა-ს 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. აშენდა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა სავარჯიშო მოედნებსა და სტადიონებს. შედეგად, საქართველოში უეფა-ს ყველაზე მაღალი, მეოთხე კატეგორიის მოთხოვნებს ოთხი სტადიონი დააკმაყოფილებს“, – წერია სფფ-ს მიერ გავრცელებულ ცნობაში.
21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი საქართველოსა და რუმინეთში 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით გაიმართება. თამაშები საქართველოს სამ ქალაქში – თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გაიმართება. ევროპის ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრას 8 ივლისს ბათუმი არენა უმასპინძლებს. მატჩებზე დასასწრები ბილეთების შეძენა სპეციალურ ვებგვერდზე, under21tickets.ge-ზეა შესაძლებელი.