განახლებულ „დინამო არენაზე“ ორი „დინამოს“ მატჩში ბათუმელებმა გაიმარჯვეს #1TVSPORT
განახლებულ „დინამო არენაზე“ ორი „დინამოს“ მატჩში ბათუმელებმა გაიმარჯვეს #1TVSPORT

„დინამო თბილისი“ განახლებულ „დინამო არენაზე“ დაბრუნდა. ეროვნული ლიგის ტურის ცენტრალურ შეხვედრაში თბილისელები პრინციპულ მეტოქეს, ბათუმის „დინამოს“ დაუპირისპირდნენ და 1:2 დამარცხდნენ.

განახლებულ სტადიონზე ეროვნული ლიგის ბოლო წლების ლიდერების შეხვედრის სანახავად, დაახლოებით, 7-8 ათასი მაყურებელი შეიკრიბა.

მატჩი ბათუმელთა უპირატესობით დაიწყო და მერვე წუთზე ბენჯამინ ტეიდიმ თბილისელთა კარი აიღო, მაგრამ ვიდეორეფერიზე გადამოწმებისას ხელით თამაში დაუფიქსირდა და გოლი არ ჩაითვალა. ნიგერიელმა ნახევარმცველმა მიზანს მაინც მიაღწია, 30-ე წუთზე შორეული დარტყმით დედაქალაქელთა კარი აიღო და სტუმრები დააწინაურა.

თბილისელებმა ანგარიშის გათანაბრება ტაიმის მიწურულს მოახერხეს. 45+2-ე წუთზე მასპინძელთა სწრაფი შეტევა ულად-ომარ იმრანმა „დინამოს“ კაპიტანს, დავით სხირტლაძეს გაუგრძელა, რომელმაც მცველს აჯობა და მახვილი კუთხიდან ზუსტად დაარტყა – 1:1.

მეორე ნახევარში სტუმრები ისევ დაწინაურდნენ. 61-ე წუთზე ბათუმელთა შეტევა ჯოვინო ფლამარიონმა დააგვირგვინა და ეროვნული ლიგის ბომბარდირთა დავაში უკვე 12 გოლით ლიდერობს.

17 ტურის შემდეგ ბათუმის „დინამოს“ 38 ქულით პირველ ადგილზეა და „საბურთალოს“ (35) სამი ქულით ასწრებს, ხოლო „დინამო თბილისი“ 31 ქულით მეოთხე ადგილზე დარჩა.