ფოთის „კოლხეთმა“ ბათუმის „დინამოსთან“ ქულა ბოლო წუთებზე მოიპოვა [ვიდეო] #1TVSPORT

ფოთის „კოლხეთმა“ ეროვნული ლიგის მე-10 ტურში ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლა და ბოლო წუთებზე გატანილი გოლით გათამაშების ერთ-ერთ ლიდერთან მნიშვნელოვანი ქულა მოიპოვა – 2:2.

ფეხბურთის ფედერაციის ქობულეთის საფეხბურთო ცენტრში გამართული თამაშის პირველ ტაიმში უპირატესობა ბათუმელებმა მოიპოვეს და 44-ე წუთზე ვლადიმერ მამუჩაშვილმა ეფექტური საჯარიმო დარტყმით ანგარიში გახსნა.

45+4-ე წუთზე ბათუმელებმა პენალტი მოიპოვეს, რომელიც მამუჩაშვილმა შეასრულა. ფოთელების მეკარე იაროსლავ კოტლიაროვმა თერთმეტმეტრიანი დარტყმა ზედიზედ მეორე შეხვედრაში მოიგერია, მაგრამ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა დამატებაზე მაინც გაიტანა.

ფოთელებმა ამ ურთულეს ვითარებაში თამაშის შემოტრიალება მოახერხეს. 78-ე წუთზე „კოლხეთის“ შეტევა ზუსტი დარტყმით დემეტრე გვასალიამ დააგვირგვინა და სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, 87-ე წუთზე კი გიორგი ახალაძემ, დაახლოებით, 30 მეტრიდან უძლიერესი და ულამაზესი დარტყმით ანგარიში გაათანაბრა.

10 ტურის შემდეგ ბათუმის „დინამომ“ 23 ქულა დააგროვა, ლიდერ „იბერიას“ 2 ქულით ჩამორჩება და მეორე აგდილზეა, ხოლო ფოთის „კოლხეთი“ (10) მე-6 პოზიციაზე გადავიდა.