უნგრეთის ფეხბურთის ფედერაცია სობოსლაის საქართველოში თამაშთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ბოლო მომენტში მიიღებს #1TVSPORT
უნგრეთის ფეხბურთის ფედერაციამ დომინიკ სობოსლაის დიაგნოზი გაასაჯაროვა, თუმცა გაურკვეველია, შეძლებს თუ არა „ლივერპულის“ ვარსკვლავი 14 ნოემბერს თბილისში საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ თამაშს.
დომინიკ სობოსლაი კვირას, „ლივერპულისა“ და „კრისტალ პალასის“ დაპირისპირებისას, მოედნიდან 69-ე წუთზე გაიყვანეს. მატჩის შემდეგ ითქვა, რომ დომინიკს მუხლის მცირე ტრავმა ჰქონდა და საეჭვო გახდა, შეძლებდა თუ არა უნგრეთის ნაკრებში თამაშს.
„ლივერპულის“ მწვრთნელმა დასძინა, რომ არ არის დარწმუნებული, იქნება თუ არა სობოსლაი მზად მომავალი უქმეების მატჩებისთვის.
„დომინიკ სობოსლაიმ, პროტოკოლის შესაბამისად, სამედიცინო შემოწმება გაიარა. მას მუხლის იოგების დაჭიმულობა აღენიშნება. ეროვნული ნაკრების სამედიცინო შტაბი მომდევნო დღეებში ყველაფერს გააკეთებს, რომ გუნდის კაპიტანი რაც შეიძლება მალე დაბრუნდეს მოედანზე. თუმცა საქართველოში თამაშთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ბოლო მომენტში მიიღებს.
თუ სობოსლაის ნოემბრის მატჩებში ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში თამაშის უფლებას არ მისცემენ, ეს ბოლო ხუთი წლის განმავლობაში პირველი შემთხვევა იქნება, როდესაც ის გუნდს ვერ დაეხმარება. ნახევარმცველმა, რომელსაც თავისი ქვეყნის ნაკრებში 69 მატჩი აქვს ჩატარებული, ზედიზედ 51 შეხვედრა სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო“, – წერია უნგრეთის ფეხბურთის ფედერაციის მიერ გავრცელებულ ცნობაში.
ერთა ლიგა
B ლიგა, მე-2 ჯგუფი,
მე-5 ტური. 14 ნოემბერი,
საქართველო — უნგრეთი
მე-6 ტური. 17 ნოემბერი,
ჩრდილოეთ ირლანდია — უკრაინა