„ბაიერნის“ საპატიო პრეზიდენტმა ჯამალ მუსიალას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა #1TVSPORT
მიუნხენის „ბაიერნის“ საპატიო პრეზიდენტმა, ული ჰიონესმა გუნდის 23 წლის ნახევარმცველის, ჯამალ მუსიალას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა და ეჭვი გამოთქვა, შეძლებს თუ არა გერმანელი ფეხბურთელი ძველი ფორმის დაბრუნებას.
ჰიონესმა გერმანულ ტელეკომპანია Bayerischer Rundfunk-თან საუბრისას განაცხადა, რომ მუსიალას ნევროლოგიური დაავადება აქვს, რომლის სრულად განკურნებაც მარტივი არ არის.
„რთულ მდგომარეობაში ვართ. მას ისეთი დაავადება აქვს, რომლის განკურნებაც მარტივი არ არის, თუმცა მედიკამენტებით მისი გარკვეულწილად კონტროლი შესაძლებელია. საკითხავია, შეძლებს თუ არა ოდესმე იმ დონეზე დაბრუნებას, რომელზეც ადრე თამაშობდა“, – განაცხადა ჰიონესმა.
აგვისტოში მუსიალა „ლაიფციგისა“ და „ჰაიდენჰაიმის“ წინააღმდეგ გამართულ ამხანაგურ შეხვედრებში მოედანზე ორჯერ დაეცა. მოგვიანებით ფეხბურთელმა თავად დაადასტურა, რომ ნევროლოგიური ფუნქციის დარღვევა დაუდგინდა.
მუსიალას განცხადებით, აღნიშნული მდგომარეობა მკურნალობას ექვემდებარება. ფეხბურთელმა მაშინვე აღნიშნა, რომ ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა და ნევროლოგების ნებართვით საფეხბურთო კარიერის გაგრძელებას აპირებდა.
ამჟამად გერმანელი ფეხბურთელი კუნთის ტრავმას მკურნალობს. მან დაზიანება სექტემბრის ბოლოს, გერმანიის ნაკრებში ყოფნისას მიიღო. 5 ნოემბერს მუსიალამ გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა, თუმცა „ბაიერნს“ მისი დაბრუნების ზუსტი თარიღი ჯერჯერობით არ დაუსახელებია.