საქართველოს ნაკრების დებიუტანტებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს #1TVSPORT
ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა ტრადიციული სიმბოლური სანაკრებო საჩუქრები გადასცა საქართველოს ეროვნული გუნდის იმ დებიუტანტებს, რომლებიც რამაზ სვანაძემ ერთა ლიგაზე უნგრეთსა და უკრაინასთან დასკვნითი მატჩებისთვის გამოიძახა.
გიორგი მოისწრაფიშვილი – „მადლობა რამაზ სვანაძესა და სამწვრთნელო შტაბს ნდობისთვის. როგორც ყველა ფეხბურთელისთვის, ჩემთვისაც საოცარი გრძნობა იყო, როდესაც მითხრეს, რომ ეროვნულ ნაკრებში ვიყავი გამოძახებული. მინდა, რომ ამ ნაკრებში ადგილი თამაშით და შრომით დავიმკვიდრო. რა თქმა უნდა, ჩემთვის უცხო გარემო არ არის, ბევრ ფეხბურთელს ვიცნობ, ერთად გვითამაშია და გუნდთან ადაპტაცია არ უნდა გამიჭირდეს“.
გიორგი მაისურაძე – „საჩუქარი, რომელიც ნაკრებისგან მივიღე, განსაკუთრებულია და საპატიო ადგილს დაიკავებს ჩემს სახლში. ეროვნულ ნაკრებში გამოძახება ფეხბურთელისთვის ძალიან დიდი ბედნიერებაა. მადლობა რამაზ სვანაძეს, რომ მენდო. ვეცდები, ეს ნდობა გავამართლო – ნაკრებისთვის მაქსიმუმს გავაკეთებ“.
ნოდარ ყალიჩავა – „ძალიან ბედნიერი ვარ, რომ საქართველოს ნაკრებში გამომიძახეს. მადლობა სამწვრთნელო შტაბს. ჩემთვის ძალიან დიდი მოტივაციაა და როგორც კი გუნდის დახმარების შანსი მექნება, ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ“.