გამყოფ ხაზებთან მცხოვრები მოსახლეობის გათბობის ხარჯები მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 200 ლარით დაფინანსდება
გამყოფ ხაზებთან მცხოვრები მოსახლეობის გათბობის ხარჯები მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 200 ლარით დაფინანსდება

ზამთრის თვეებში გამყოფ ხაზებთან მცხოვრები მოსახლეობის გათბობის ხარჯები მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 200-ლარიანი ვაუჩერით დაფინანსდება.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, შესაბამისი გადაწყვეტილება გამყოფი ხაზების მიმდებარე სოფლების მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების სამთავრობო კომისიის სხდომაზე მიიღეს.

სხდომას  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი უძღვებოდნენ.

 

დღევანდელ სხდომაზე განსახილველ საკითხებს შორის ასევე იყო სტუდენტებისთვის სწავლის დაფინანსების საკითხი.

წელს სახელმწიფო გამყოფი ხაზების მიმდებარედ მცხოვრებ 1000-ზე მეტ სტუდენტს დააფინანსებს.

სხდომას სხვადასხვა სამინისტროსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გამყოფ ხაზებთან მცხოვრებ ოჯახებს სახელმწიფო გათბობის ვაუჩერებით 2013 წლიდან უზრუნველყოფს.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, სამთავრობო კომისიის მიერ გატარებული სამუშაოების ფარგლებში დღემდე საქართველოს მთავრობამ 9 463 977 ლარი გამოყო.