გამომძიებლებმა სტრასბურგის საშობაო ბაზრობაზე თავდამსხმელის „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირის დამადასტურებელ მტკიცებულებებს მიაგნეს
ფრანგმა გამომძიებლებმა სტრასბურგის საშობაო ბაზრობაზე თავდამსხმელის „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირის დამადასტურებელ მტკიცებულებებს მიაგნეს.
BBC-ის ცნობით, გამომძიებლებმა USB-ის მოწყობილობაში ვიდეო იპოვეს, რომელზეც 29 წლის შერიფ შექათის ტერორისტულ დაჯგუფებასთან კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულებებია. ჯერ უცნობია, კონკრეტულად რა მასალაზეა საუბარი.
ტერორისტულმა დაჯგუფებამ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა რამდენიმე დღის წინ აიღო. ამის შესახებ ინფორმაცია „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ კონტროლირებად საინფორმაციო სააგენტო „ამაქის“ საშუალებით გავრცელდა.
სტრასბურგში ტერორისტული თავდასხმა 11 დეკემბერს მოხდა. 29 წლის შერიფ შექათმა საშობაო ბაზრობაზე ცეცხლი გახსნა და ადგილიდან მიიმალა. თავდასხმის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, 10-მდე კი დაშავდა.
თავად ბოროტმოქმედი ორდღიანი დევნის შემდეგ სამართალდამცველებმა ორმხრივი სროლის დროს მოკლეს.