პაველ ჰერჩინსკი - ქალთა საერთაშორისო ასოციაციის მიერ ორგანიზებულია ყოველწლიური საქველმოქმედო ბაზრობა, მოხარული ვარ, რომ ევროკავშირი ამ ღონისძიების ერთ-ერთი ძირითადი მონაწილეა
პაველ ჰერჩინსკი - ქალთა საერთაშორისო ასოციაციის მიერ ორგანიზებულია ყოველწლიური საქველმოქმედო ბაზრობა, მოხარული ვარ, რომ ევროკავშირი ამ ღონისძიების ერთ-ერთი ძირითადი მონაწილეა

საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი ქალთა საერთაშორისო ასოციაციის მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ საქველმოქმედო ბაზრობას და გამოფენა-გაყიდვას დაესწრო. ღონისძიება სასტუმრო „შერატონში“ გაიმართა.

„ჩვენ გვაქვს შესანიშნავი ღონისძიება. ეს არის ყოველწლიური საქველმოქმედო ბაზრობა, რომელიც ორგანიზებულია საქართველოს ქალთა საერთაშორისო ასოციაციის მიერ. მოხარული ვარ, რომ ევროკავშირი არის ამ ღონისძიების ერთ-ერთი ძირითადი მონაწილე. როგორც ხედავთ, ჩვენ წარმოდგენილი გვაქვს აქ „ცოდნის ბორბალი“, ეს არის ვიქტორინა ევროკავშირის შესახებ, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის. ამას გარდა, აქ წარმოდგენილია მრავალი ადგილობრივი მეწარმე, სოციალური საწარმო, ფერმერი, რომლებსაც ჩვენ მხარს ვუჭერთ და რომლებიც ყიდიან შესანიშნავ ქართულ ნაწარმს, სამკაულს, საკვებ პროდუქტს, ღვინოს, ყველს, თაფლს, ყველაფერს, რითიც ცნობილია საქართველო. მე ძალიან მოხარული ვარ, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს მცირე ბიზნეს, სოციალურ საწარმოებს, რათა მათ ბაზარზე გაიტანონ თავიანთი ნაწარმი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპაშიც. ასე რომ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება, შემოსავალი მოხმარდება ქველმოქმედებას, რადგან შობა-ახალი წელი ახლოვდება და ჩვენ ვისურვებდით, რომ შობის აღსანიშნავად დავეხმაროთ მათ, ვისაც უჭირთ“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.

ქალთა საერთაშორისო ასოციაცია (IWA), უკვე 22 წელია, ყოველი დეკემბრის თვის დასაწყისში აწყობს ზამთრის საქველმოქმედო ბაზრობას, რომელშიც, საქართველოში აკრედიტებული საელჩოების წარმომადგენლებთან ერთად, ქართველი მეწარმეები და ხელოვანები მონაწილეობენ. ბაზრობაზე მისულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, შეეძინათ სხვადასხვა ქვეყნის საელჩოების მიერ შეთავაზებული პროდუქცია, აგრეთვე, დაეთვალიერებინათ და შეეძინათ ქართველი მეწარმეებისა და ხელოვანების მიერ შესრულებული უნიკალური ნაკეთობები, დაეგემოვნებინათ ბაზრობაზე წარმოდგენილი მრავალფეროვანი და გემრიელი სამზარეულო.

ქალთა საერთაშორისო ასოციაციის განცხადებით, ღონისძიებიდან შესული თანხით ხელი შეეწყობა ქალთა საერთაშორისო ორგანიზაციის საქველმოქმედო პროექტების განხორციელებას.