გამომძიებელ ჟურნალისტთა ჯგუფი „ბიჰუს ინფო“ აცხადებს, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ჟურნალისტებს უთვალთვალებდა
გამომძიებელ ჟურნალისტთა ჯგუფის, „ბიჰუს ინფოს“ პროექტის რედაქტორისა და ჟურნალისტის, ალისა იურჩენკოს განცხადებით, ჟურნალისტებს უკრაინის უსაფრთხოების სამსახური უთვალთვალებდა.
კერძოდ, ალისა იურჩენკოს თქმით, ჟურნალისტებს უცნობი პირები უთვალთვალებდნენ.
„ჩვენ მუდმივად ვამჩნევდით ჯაშუშებს ჩვენს ოფისთან, დადიოდნენ ოფისის შენობაში. როდესაც ვკითხეთ, რას აკეთებდნენ იქ, ისინი ვერ ახერხებდნენ პასუხის გაცემას და უბრალოდ წრეზე დადიოდნენ. ოფისის ირგვლივ ისევ ვხედავთ მანქანებს ყალბი სანომრე ნიშნებით. ეს ყველაფერი გრძელდება“, – განაცხადა იურჩენკომ.
16 იანვარს სოციალურ მედიაში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ გამომძიებელ ჟურნალისტთა ჯგუფის, „ბიჰუს ინფოს“ თანამშრომლები, სავარაუდოდ, ნარკოტიკულ ნივთიერებას მოიხმარდნენ.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ „ორგანიზებული ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა ამ სპეცსამსახურის საქმიანობის ერთ-ერთი სფეროა და „ბიჰუს ინფოს“ ერთ-ერთი ოპერატორი იყო „იმ პირთა შორის, რომელთა მეშვეობითაც ნარკოტიკები სხვა მოქალაქეებს მიეწოდებოდა“.
31 იანვარს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თანამდებობიდან გაათავისუფლა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ეროვნული სახელმწიფოებრიობის დაცვის დეპარტამენტის უფროსი რომან სემენჩენკო.