გამოკითხვის მიხედვით, გერმანელთა უმეტესობა კარგად ინტეგრირებული მიგრანტების ქვეყანაში დარჩენის მომხრეა
გერმანელების უმეტესობა მიგრაციული პოლიტიკის შეცვლის მომხრეა. ქვეყანაში ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ გერმანელები კარგად ინტეგრირებული მიგრანტების ქვეყანაში დარჩენის წინააღმდეგები არ არიან იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც კონკრეტულ მიგრანტს სახელმწიფო თავშესაფრის მიცემაზე უარს ეუბნევა. გერმანელებს მიაჩნიათ, რომ მათ ქვეყანაში ცხოვრების პერსპექტივა უნდა ჰქონდეთ სამუშაოს მიღების, ან სწავლის გაგრძელების მიზნით.
მიგრანტებისთვის აღნიშნული შესაძლებლობის მიცემას, გამოკითხულთა 58-მა პროცენტმა დაუჭირა მხარი. წინააღმდეგი 31 პროცენტი იყო. გამოკითხულთა 4 პროცენტი კი, საერთოდ წინააღმდეგია მიგრანტების დეპორტაციის.
Deutsche Welle-ს ცნობით, გამოკითხვის შედეგად შესაძლოა, გერმანულ საზოგადოებაში კარგად ინტეგრირებულ მიგრანტებს ქვეყნის ტერიტორიაზე დარჩენის უფლება მიეცეთ. ამ ინიციატივით შლეზვიგ-ჰოლშტაინის მხარის მთავრობის ხელმძღვანელი, დანიელ გიუნტერი ბუნდესტაგშიც გამოვიდა. თუმცა „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ მეთაურმა და გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა აღნიშნული ინიციატივა უკვე უარყო.