საფრანგეთში ჩატარებული ბოლო გამოკითხვის მიხედვით, ქვეყნის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის რეიტინგი დაეცა.
მარტში მისი პოპულარობა 3%-ით შემცირდა და 40% შეადგინა, რაც მაკრონისთვის რეკორდულად დაბალი მაჩვენებელია.
პოპულარობის შემცირება შრომითი კანონმდებლობის რეფორმამაც განაპირობა. ქვეყანაში უმუშევრობის დაბალი პროცენტის მიუხედავად, შრომითი კანონმდებლობის რეფორმას დიდი უკმაყოფილება მოჰყვა.
ხუთშაბათს ცვლილებების წინააღმდეგ გამართული მასშტაბური საპროტესტო აქცია სამართალდამცველებმა სპეცტექნიკისა და წყლის ჭავლის გამოყენებით დაარბიეს. საპასუხოდ აქციის მონაწილეებმა შენობების მინები ჩაამსხვრიეს და ავტომობილები დააზიანეს.
რეფორმის მიმართ პროტესტის ნიშნად რკინიგზის თანამშრომლები, ავიაკომპანიების დისპეტჩერები და მასწავლებლები გაიფიცნენ. აქციის გამო, დღის განმავლობაში სარკინიგზო რეისების ნახევარზე მეტი და პარიზის აეროპორტებში ავიარეისების 30% გაუქმდა.
მთავრობის გეგმით, 2022 წლისთვის საჯარო სექტორში სამუშაო ადგილები 120 ათასით უნდა შემცირდეს. ამას გარდა, იგეგმება რკინიგზელებისთვის არსებული სოციალური შეღავათების გაუქმება და ზოგიერთ რაიონში სარკინიგზო ხაზების დახურვა.