გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპზე თავდასხმამდე მეთიუ კრუკსი ინტერნეტში ჯონ კენედის მკვლელობის შესახებ ინფორმაციას ეძებდა
გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორმა, კრისტოფერ რეიმ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში გამართულ მოსმენაზე განაცხადა, რომ, მოპოვებული ინფორმაციით, მეთიუ კრუკსი, რომელმაც აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტზე, დონალდ ტრამპზე თავდასხმა სცადა, ერთი კვირით ადრე „გუგლში“ ეძებდა ინფორმაციას – „რამდენად შორს იყო ოსვალდი კენედისგან?”
საუბარია ლი ჰარვი ოსვალდზე, რომელმაც 1963 წლის 22 ნოემბერს დალასში აშშ-ის პრეზიდენტი ჯონ კენედი მოკლა.
გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორის თქმით, მსროლელის ტელეფონში იპოვეს აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის და სხვა მაღალჩინოსნების ფოტოები, თუმცა მკვლელობის მცდელობამდე რამდენიმე დღით ადრე კრუკსი აქტიურად ეძებდა ინფორმაციას კონკრეტულად ტრამპის შესახებ.
კრისტოფერ რეიმ აღნიშნა, რომ თავდამსხმელის მოტივი ამ დრომდე უცნობი რჩება, თუმცა პირობა დადო, რომ მკვლელობის მცდელობას სრულად გამოიძიებენ.