კანონპროექტის მიხედვით, გამოძახებითი აუდიოვიზუალური მედია მომსახურება და ვიდეო გაზიარების პლატფორმის მომსახურება ავტორიზაციას დაექვემდებარება
გამოძახებითი აუდიოვიზუალური მედია მომსახურება და ვიდეო გაზიარების პლატფორმის მომსახურება ავტორიზაციას დაექვემდებარება. შესაბამისი ცვლილებები „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შედის, რომელიც პარლამენტში უკვე ინიცირებულია.
კანონპროექტის მიხედვით, აღნიშნული სუბიექტების მიერ ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა, ასევე მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობის დარღვევა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – 5 000 ლარიანი ჯარიმის დაკისრების სახით.
ცვლილებების გათვალისწინებით, ქართულ კანონმდებლობაში „მედია მომსახურებების“ ცნება შემოდის, რომელიც აუდიოვიზუალურ მედია მომსახურებებს და რადიომაუწყებლობას მოიცავს. თავის მხრივ, აუდიოვიზუალური მედია მომსახურების სახეებს მიეკუთვნება ტელემაუწყებლობა, გამოძახებით აუდიოვიზუალური მედია მომსახურება და აუდიოვიზუალური სარეკლამო კომუნიკაცია.
გამოძახებით აუდიოვიზუალური მედია მომსახურება კანონპროექტით გათვალისწინებული ახალი აუდიოვიზუალური მომსახურების სახეა და გულისხმობს მომხმარებლისთვის შეთავაზებულ მომსახურებას, აირჩიოს და უყუროს პროგრამებს მისი ინდივიდუალური მოთხოვნისამებრ და მის მიერ არჩეული დროის მონაკვეთში, გამოძახებით აუდიოვიზუალური მედია მომსახურების მიმწოდებლის მიერ შერჩეული პროგრამების კატალოგის საფუძველზე.
კანონპროექტით კონკრეტდება, რომ გამოძახებით აუდიოვიზუალური მედია მომსახურება ტელემაუწყებლობის მსგავსად, სავალდებულო ავტორიზაციას დაექვემდებარება. კერძოდ, ცვლილებებით, გამოძახებით აუდიოვიზუალური მედია მომსახურების მიწოდების მსურველი პირი ვალდებული იქნება, ავტორიზაცია კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში გაიაროს. პროექტით, გამოძახებით აუდიოვიზუალური მედია მომსახურების მიწოდების მიმართ შემდეგი რეგულაციები დგინდება – პროგრამული შეზღუდვები, არასრულწლოვნების დასაცავი ღონისძიებების შემოღების ვალდებულებები, კომერციული აუდიოვიზუალური კომუნიკაციის სტანდარტები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დამცავი წესები, კატალოგში ევროპული პროდუქციისთვის შესაბამისი წილის დათმობის ვალდებულება და ა.შ.
პროექტის გათვალისწინებით, კიდევ ერთი ახალი მომსახურების სახეა ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურება. პროექტით, ვიდეო გაზიარების პლატფორმის მომსახურება არის ისეთი მომსახურება, რომლის ან რომლის განუყოფელი ნაწილის ძირითად მიზანი ან არსებითი ფუნქციონალია პროგრამების ან/და მომხმარებლის გენერირებული ვიდეორგოლების ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების მეშვეობით ფართო საზოგადოებისთვის მიწოდება, მისი ინფორმირების, გართობის ან განათლების მიზნით და ვიდეო გაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის სარედაქციო პასუხისმგებლობის გარეშე.
ვიდეო გაზიარების პლატფორმის მომსახურების ორგანიზება, კერძოდ, ჩვენება, მონიშვნა და მიმდევრობა განისაზღვრება მისი მიმწოდებლის მიერ, მათ შორის ავტომატური საშუალებებით ან ალგორითმებით.
კანონპროექტით განისაზღვრება, რომ ვიდეო გაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია მომსახურების მიწოდებამდე კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში ავტორიზაცია გაიაროს.
ავტორიზაციის საფუძველი იქნება ავტორიზაციის მაძიებლის განაცხადი, რომელიც უნდა შეიცავდეს ვიდეო გაზიარების პლატფორმის მომსახურების მიწოდების მსურველი სუბიექტისა და განსახორციელებელი საქმიანობის შესახებ ინფორმაციას.
ინიციატივით, ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელი ვალდებული იქნება, გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, რათა თავიდან აიცილოს მისი პლატფორმის მეშვეობით ისეთი ვიდეორგოლების, პროგრამების და აუდიოვიზუალური სარეკლამო კომუნიკაციის გავრცელება, რომელიც არასრულწლოვნებისთვის შეუფერებელია, სიძულვილის ენას განეკუთვნება ან რომლის გავრცელება დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.