გამოცხადდა კონკურსი ლიტერატურის დარგში ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიის მოსაპოვებლად
საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა განკარგულება და დაამტკიცა კომისია ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიის ცხრაკაციანი შემადგენლობით.
კომისიამ 22 სექტემბერს, ორბელიანების სასახლეში პირველი სხდომა გამართა, ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიის მოსაპოვებლად კონკურსი გამოაცხადა და საკონკურსო პირობები დაადგინა.
კომისიას, რომლის შემადგენლობაშიც შედიან მწერლები, პოეტები და კრიტიკოსები, ზაზა აბზიანიძე უხელმძღვანელებს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, ნათია სულავას განცხადებით, ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია გაიცემა ლიტერატურის დარგში: პროზა, პოეზია, პუბლიცისტიკა, უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებისთვის, რომელიც მხატვრულ ღირსებათა გამო საერთო ეროვნულ აღიარებას მოიპოვებს და განმსჭვალულია თავისუფლების, ჰუმანიზმისა და პატრიოტიზმის ზოგადსაკაცობრიო იდეალებით. პრემია გაიცემა ორ წელიწადში ერთხელ, არა უმეტეს ერთისა, 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.
პრემიის მოსაპოვებლად საკონკურსო განაცხადები და ნაწარმოებები მიიღება 2022 წლის 22 სექტემბრიდან 21 ოქტომბრის ჩათვლით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, ასევე ელექტრონულად, მისამართზე – [email protected].