გამოცხადდა კონკურსი ლიტერატურის დარგში ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიის მოსაპოვებლად
გამოცხადდა კონკურსი ლიტერატურის დარგში ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიის მოსაპოვებლად

საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა განკარგულება და დაამტკიცა კომისია ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიის ცხრაკაციანი შემადგენლობით.

კომისიამ 22 სექტემბერს, ორბელიანების სასახლეში პირველი სხდომა გამართა, ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიის მოსაპოვებლად კონკურსი გამოაცხადა და საკონკურსო პირობები დაადგინა.

კომისიას, რომლის შემადგენლობაშიც შედიან მწერლები, პოეტები და კრიტიკოსები, ზაზა აბზიანიძე უხელმძღვანელებს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, ნათია სულავას განცხადებით, ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია გაიცემა ლიტერატურის დარგში: პროზა, პოეზია, პუბლიცისტიკა, უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებისთვის, რომელიც მხატვრულ ღირსებათა გამო საერთო ეროვნულ აღიარებას მოიპოვებს და განმსჭვალულია თავისუფლების, ჰუმანიზმისა და პატრიოტიზმის ზოგადსაკაცობრიო იდეალებით. პრემია გაიცემა ორ წელიწადში ერთხელ, არა უმეტეს ერთისა, 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.

პრემიის მოსაპოვებლად საკონკურსო განაცხადები და ნაწარმოებები მიიღება 2022 წლის 22 სექტემბრიდან 21 ოქტომბრის ჩათვლით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, ასევე ელექტრონულად, მისამართზე – [email protected].