გამოცემა LONELY PLANET-მა 2018 წლის საუკეთესო მიმართულებებს შორის საქართველოც დაასახელა
საერთაშორისო სამოგზაურო მედიაპლატფორმა Lonely Planet-მა 2018 წლის საუკეთესო მიმართულებების სია გამოაქვეყნა.
10 საუკეთესო ქვეყანას შორის, საქართველო მეშვიდე პოზიციას იკავებს. პირველ ხუთეულში ჩილე, სამხრეთ კორეა, პორტუგალია, ჯიბუთი, ახალი ზელანდია, მალტა იკავებენ.
„სამხრეთ კავკასიის გზაჯვარედინზე მდებარე საქართველოში ისტორია წარსულს არ ჩაბარებია, ის აისახება ყველა ნაბიჯში, რომელსაც ქვეყანა აწმყოში დგამს. წინდახედული, თუმცა ტრადიციებით ამაყი, ეს არის უძველესი რეცეპტების ქვეყანა, სადაც თამადები სვამენ ძველი და ახალი გმირების პატივსაცემად სადღეგრძელოებს.
ის იმდენად ამაყობს ღვინის ტრადიციით, რომ აეროპორტის თანამშრომლები ხშირად ეგებებიან მგზავრებს წითელი ღვინის ბოთლებითა და ბეჭედდასმული პასპორტებით. ასი წლის წინ, რუსეთში განხორციელებული რევოლუციის შემდეგ საქართველომ გამოაცხადა დამოუკიდებლობა: ეს არის მხოლოდ ერთ-ერთი მიზეზი რისთვისაც ღირს 2018 წელს სადღეგრძელოს შესმა“, – ასე აღწერს LONELY PLANET-ი საკუთარ ვებგვერდზე საქართველოს და ურჩევს ტურისტებს, 2018 წელს აუცილებლად მოინახულონ ქვეყანა.